
გადაფურცლეთ 4 ოქტომბერი, ძალიან გთხოვთ -ნიკა გვარამია
საერთო მიზანი როცა ისეთი დიდია, როგორც ახლა და მას სამშობლოს გადარჩენა ჰქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვნოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ისტორია არ იმახსოვრებს ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, ვინ ვისგან რითი განსხვავდებოდა, ვინ იარა სწორად და ვინ ზიგზაგზე. ისტორია ყველას ერთიანად და თანაბრად აღგვნუსხავს როგორც თაობებს, ვინც სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვა ან ამ ბრძოლაში დამარცხდა.
პ.ს. ქოცებმა სივრცული პატიმრობა მოგვისაჯეს, მაგრამ დრო ვერ გაგვიჩერეს პოლიტპატიმრებს. იქნებ ყველამ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დროში პატიმრობას ნუ მოგვისჯით. ნუ გადააქცევთ ამ დაწყევლილ 4 ოქტომბერს, სუს-ის ორი წარუმატებელი სპეცოპერაციის დღეს დაუსრულებელ ზაზუნას დღედ. გადაფურცლეთ, ძალიან გთხოვთ.
ხოლო ის, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი არ დამარცხდა (რაც პროტესტის წინსვლას შეიძლება არ უდრიდეს, მაგრამ ქოცების მარცხს უტყუარად უდრის) აგერ დაადასტურეს თავად: დრაკონის კანონების კრებულს, როგორსაც ახლა ამტკიცებენ, გამარჯვებულები არ იღებენ“, – წერს ნიკა გვარამია.