1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ფული უკრაინისათვის: რას გააკეთებს დონალდ ტრამპი? – Parlamentni Listy
ფული უკრაინისათვის: რას გააკეთებს დონალდ ტრამპი? – Parlamentni Listy

ფული უკრაინისათვის: რას გააკეთებს დონალდ ტრამპი? – Parlamentni Listy

558
0

ჩეხური გაზეთი „პარლამენტნი ლისტი“ (Parlamentni Listy) სათაურით „ფული უკრაინისათვის: რას გააკეთებს დონალდ ტრამპი?“ აქვეყნებს ინტერვიუს პრაღის (კარლის) უნივერსიტეტის პროფესორთან, პოლიტოლოგ ზდენეკ ზბორჟილთან, რომელსაც ჟურნალისტი იაროსლავ პოლანსკი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს:

– დონალდ ტრამპი სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვებდა, მის წინააღმდეგ ე.წ. „ინტელექტუალთა“ ფართო ფრონტი შეიკრა: „შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები“, ექს-პრეზიდენტების – ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას მეთაურობით. ისინი ვითომდა „იცავდნენ“ მრავალგვარი უმცირესობის ინტერესებს, „ებრძოდნენ“ გლობალურ დათბობას და დემოკრატთა „მონაპოვრების“ შესანარჩუნებლად გამოდიოდნენ. თქვენი აზრით, ხომ არ გადააჭარბეს ამერიკულმა (და ევროპულმა) ელიტებმა თავიანთ კრიტიკაში? საბოლოო ჯამში, მათ ისეთმა „სულელმა“ (როგორც რესპუბლიკელ კანდიდატს უწოდებდნენ) აჯობა, როგორც დონალდ ტრამპია…

– თქვენ მართალს ბრძანებთ. აშშ-ის არჩევნების დროს შექმნილი სიტუაცია ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებულ ისტორიას მაგონებს. 334 წელს ჩვენს ერამდე ალექსანდრე ქალაქ გორგიონის ტაძარში მივიდა და ზევსისადმი მიძღვნილი ურემის წინ დადგა. ურემის ხელნა ფრიგიის მეფის გორდიას მიერ საოცრად რთული კვანძით (ნასკვით) იყო შეკრული. ვინც ამ ნასკვს გახსნიდა, იგი მსოფლიოს მბრძანებელი იქნებოდა. ალექსანდრე მაკედონელს ბევრი არ უფიქრია, ხმალი დაჰკრა და გორდიას კვანძი გადაჭრა. დღემდე გაურკვეველია, რით შეიძლება აიხსნას ალექსანდრეს ასეთი ქცევა – მოუთმენლობით, მოუფიქრებლობით თუ ამაში მისი ის გაბედულება გამოიხატა, რომელსაც მოგვიანებით უმღეროდნენ – იგი ხომ იმდროინდელი მსოფლიოს მბრძანებელი გახდა.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ალექსანდრე დიდი არ არის, თუმცა იგი, ალბათ, თავის თავს მაკედონელი მხედართმთავრის მსგავსად უკვე თვლის – მან იმ მიზანს მიაღწია, რისთვისაც ხუთი წელი იბრძოდა. არსებობს საერთაშორისო სოლიდარობა არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და ხელოვნების სამყაროს (და ინტელიგენციის) წარმომადგენლებს შორის, არამედ იმათ შორისაც, ვინც გამორჩეულ პოლიტიკოსებს ამერიკაშიც მოკვლით ემუქრება და ვთქვათ, სლოვაკეთშიც. მათ ერთნაირი ტრაექტორია აქვთ. ევროპა ათასობით კილომეტრით არის დაშორებული ამერიკულ პოლიტიკურ გარემოს, მაგრამ აქაც არიან ადამიანები, რომელთა გონებას სიხარბე ხელისუფლებისადმი წყურვილი აბნელებს. ისინი, ჰეროსტრატეს მსგავსად, საკუთარი თავის უკვდავსაყოფად, არაფერზე უკან დაიხევენ…

– ჩვენთან, ევროპაში და ჩეხეთშიც, დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ალბათ, ყველაზე უფრო მეტად აშფოთებთ მისი დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მიმართ. დონალდ ტრამპს ომის დაფინანსება არ სურს და ამიტომ ახლა „ადგილობრივი უფროსები“ გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ, ევროპელებმა, ანუ ჩეხებმაც, მეტი ფული უნდა გამოვყოთ კიევისათვის იარაღის შესასყიდად. რას ნიშნავს მათი ასეთი განცხადებები?

– ვერ გეტყვით, რამდენად იწონებს მათ განცხადებებს ჩვენი მოსახლეობა, რომლებთაც უამრავი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ ცნობილია ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის ამასწინანდელი განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინამ იმ ფულის მხოლოდ 10% მიიღო, რომელიც მას აშშ-მა გამოუყო. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ გარკვეული ეჭვი მაქვს, რომ იმ ფულის 90% ამერიკელი თუ უკრაინელი ოლიგარქების ჯიბეში დევს. ისინი ამ ფულის მითვისებით უკრაინელ ბავშვებს და მოხუცებს სასაფლაოსთვის ამზადებენ. მესმის, რომ გენერლებს – უკრაინელებსაც და ჩეხებსაც, სულ უფრო მეტად სურთ ფინანსების გაკონტროლება, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა – ამოწმებს ვინმე თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობების პირების საგადასახადო დეკლარაციებს? იქნებ გავიგოთ, ხომ არავინ გამდიდრდა სამხედრო ხარჯებით? არავის არ უნდა გაუკვირდეს ასეთი კითხვები – კორუფცია სამხედრო სფეროში არა მხოლოდ უკრაინაშია გავრცელებული, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ჩვენთანაც…

– რამდენად შესაძლებელია მშვიდობა გამეფდეს მსოფლიოში, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს ამბიციებზე ჩავერიოთ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქმეებში?

– სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში, როცა ჩვენ სხვა ხალხებს განგებ „ვასწავლით“, თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები, ეს შეუძლებელია. ბოროტება და სიხარბე არსად არ გამქრალა. ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის სიმდიდრე უამრავ ავანტიურისტს იზიდავს. ამას წინათ გავეცანი სიას, თუ რა მიაქვთ უცხოელებს იაკუტიის (საჰას)  რესპუბლიკიდან, რომელიც ციმბირში მდებარეობს და ფართობით თითქმის ევროკავშირს უტოლდება და ვიფიქრე, პეტრე პირველის დროინდელი დოკუმენტი ხომ არ არის-მეთქი. მიაქვთ ყველაფერი – ბეწვეულიდან დაწყებული, ალმასებით და ოქროთი დამთავრებული, პლუს მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტი…

რა თქმა უნდა, მართლები არიან ისინი, ვინც რუსეთის იმპერიულ ამბიციებს აკრიტიკებს, მაგრამ ასეთივე იმპერიული ამბიციები აქვთ ჩინეთს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ევროპის რიგ სახელმწიფოებს, რომლებიც თავიანთ ინტერესებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ატარებენ. ისინი თავისებურ მეტროპოლიებს წარმოადგენენ. ისინი, სარგებლობენ რა ფიქტიური „ხალხთა თვითგამორკვევით“,  დე-ფაქტო ინარჩუნებენ წინა პერიოდებში მიტაცებულ მიწებს… ასეთი იმპერიები ხელშეუხებლები არიან, უკვდავები. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ დიდი ბრიტანეთიც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი იმპერია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემცირდა. და ამ დროს ლონდონი არ ითვალისწინებს, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს. ასევე საქართველოს, რომელსაც მოსკოვი ძველებურად თავისად თვლის – თუმცა დამოუკიდებელ, მაგრამ მაინც თავის ახლო ქვეყნად, ისტორიული თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმ ფაქტორის გახსენებით, რომ რუსეთის იმპერიას ქართველი იოსებ სტალინი მართავდა და მისი სახელით გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში…

წყარო