
“ევროპისათვის ძნელი იქნება 25 ათასი სამხედრო მოსამსახურის განთავსება უკრაინაში, 64 ათასზე კი ლაპარაკიც ზედმეტია”-The Times
ევროპელი გენერლების იმედები – შეკრიბონ 25 ათასი ჯარისკაცი უკრაინაში გასაგზავნად, „რუსეთის შემკავებელი ძალების“ სახით – დიდ სირთულეებს აწყდება“, – წერს ბრიტანული გაზეთი „თაიმსი“ (The Times) სტატიაში სათაურით „ევროპისათვის ძნელი იქნება 25 ათასი სამხედრო მოსამსახურის განთავსება უკრაინაში, 64 ათასზე კი ლაპარაკიც ზედმეტია“ (ავტორი – ლარისა ბრაუნი). „გენერლებმა აღიარეს, რომ ორი ათეული ათასი ჯარისკაცის გაგზავნა „სერიოზულ ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ლიეტუვა ასეთი სიტუაციის გამო ყველაზე მეტად არის აღშფოთებული“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ზოგიერთი სანდო წყაროს ცნობით, გაერთიანებული ევროპისათვის ძალიან ძნელი იქნება 25 ათასი ჯარისკაცის შეკრება ე.წ. „შემკავებელ ძალებში“ მონაწილეობისათვის უკრაინაში, რაც იმას მოწმობს, თუ რამდენად დაუკომპლექტებელი და დაუფინანსებელია ევროკავშირის ქვეყნების არმიები
„თაიმსს“ იშვიათი შესაძლებლობა მიეცა გაცნობილიყო ლონდონში გამართული ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებისა და მხედართუფროსების საუბარს, მოხალისეთა („მსურველთა“) კოალიციის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს.
როგორ ირკვევა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი, ადმირალი სერ ტონი რედაკინი დაინტერესდა კონტინენტელ (ევროკავშირის ქვეყნების) კოლეგებთან, შეძლებენ თუ არა ისინი მთლიანობაში 64 ათასი სამშვიდობო კონტინგენტის მოგროვებას რუსეთ-უკრაინის საზავო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მაგრამ მისი კითხვა უპასუხოდ დარჩა.
ცნობილია, რომ ამას წინათ ადმირალმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის 10 ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს სამშვიდობო მისიით უკრაინაში, მაგრამ მოგვიანებით ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ მათ 64 ათასი ჯარისკაცის შეგროვების „არავითარი შანსი არ აქვთ“, რადგან უფრო ნაკლების – 25 ათასის შეკრებაც ძალიან გაუჭირდებათ.
გასულ კვირას „თაიმსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ თანმხლები რისკებისა და საფრთხე-მუქარების გამო დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მრავალეროვნული სახმელეთო ძალების ნაცვლად, რომლებიც გათვალისწინებულია უკრაინის მსხვილი ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავად, პარიზი და ლონდონი, ალბათ, უკრაინის დასავლეთ ნაწილში მხოლოდ მცირე კონტინგენტისა და სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნით შემოიფარგლებიან. ანუ ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ ქალაქების დაცვის ნაცვლად ყურადღება დაეთმობა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენასა და მის გადაიარაღებას, განსაკუთრებით სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო მიმართულებით.
ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო სპეციალისტების გამოთვლით, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელი იქნება სულ მცირე 64 ათასი მრავალეროვნული „მშვიდობისმყოფელის“ გაგზავნა, რაც შეუძლებელი იქნება დღევანდელ პირობებში. ნატოელი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა თავიანთ ბრიტანელ კოლეგას ჯონ ჰილს ეჭვები გულღიად გაუზიარეს და განაცხადეს, რომ როტაციის გათვალისწინებით, 64 ათასი ჯარისკაცი 256 ათასად გადაიქცევა ორი წლის განმავლობაში. ასეთი ტვირთის ზიდვა კი ევროპელებს არ შეუძლიათ.
როგორც ცნობილი გახდა, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს, ქალბატონ დოვილე შაკალენეს ევროპელი კოლეგებისათვის უთქვამს: „რუსეთს ფრონტზე 800 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. თქვენი ნებართვით ვიტყვი: თუ ჩვენ 64 ათასი ჯარისკაცის შეგროვების თავი არ გვაქვს, ეს ნამდვილი სისუსტის მაჩვენებელია“. წყაროების თქმით, ქალბატონ დოვილეს „ძალიან მკვეთრი“ ტონით გამოუხატავს საყვედური, რომლის შედეგად ბევრ მის კოლეგა მინისტრს „თვალი აეხილა“.
დისკუსია აჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერ არიან დამოკიდებულები აშშ-ზე ევროპა და დიდი ბრიტანეთი – რუსეთის შემკავებელი სერიოზული ფაქტორის შექმნის საკითხში.
უცხოეთის სახელმწიფოში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას პარლამენტის ნებართვა ჭირდება, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის. დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად უფრო იოლი იქნება სპეციალური დანიშნულების ნაწილების გადასროლა უკრაინაში. საქმე იმაშია, რომ ამგვარი ქვედანაყოფების გაგზავნას პარლამენტის ნებართვა არ ჭირდება.
ესტონეთი და ფინეთი შეშფოთებულები არიან იმით, რომ ჯარების ნებისმიერი რაოდენობით განთავსება უკრაინაში მათი საკუთარი საზღვრების დაცვას შეასუსტებს, ხოლო პოლონეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ნათლად მიანიშნეს, რომ მათ, პრინციპში, უკრაინაში არანაირი სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნა არ სურთ.
„თუ მსხვილი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები, რომელთაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავთ, ჯარისკაცების მოგროვებას ვერ შეძლებენ, ეს ჩიხში შესვლას ნიშნავს“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო.
საფრანგეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაახლოებით იმდენ სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის, რამდენსაც დიდი ბრიტანეთი – ანუ 5-დან 10 ათასამდე ჯარისკაცს.
კიდევ ერთმა წყარომ, რომელიც საქმის კურსშია ლონდონში გამართული სამხედრო დისკუსიის თაობაზე, ხაზი გაუსვა, რომ ფინეთიც და გერმანიაც, საერთო ჯამში, წინააღმდეგნი არიან სახმელეთო ჯარების ნაწილების გაგზავნაზე, თუმცა ცნობილია, რომ ბერლინი ასეთ ნაბიჯს არ გამორიცხავს, ნაწილობრივ მაინც.
„მართლაცდა, საიდან უნდა შეგროვდეს ამდენი ჯარისკაცი? გულწრფელად ვთქვათ: ეს ყველაფერი დიდ ხარჯებს მოითხოვს, თანაც ჩვენი ტერიტორია დაუცველი დარჩება. გარდა ამისა, რას იტყვის ამომრჩეველი?“, – დაიჩივლა წყარომ. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის არმია, რომლის რაოდენობა მუდმივად მცირდება, ასევე განიცდის არტილერიის ნაკლებობას და „დამხმარე საშუალებების“ დეფიციტს – მომარაგებისათვის აუცილებელი სატვირთო ავტომანქანებისა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებსაც, ბრიტანეთის ჯარი, ტრადიციულად, აშშ-დან იღებდა ხოლმე.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ „სამშვიდობო ძალების“ გაგზავნის გეგმა, ყველაზე სავარაუდოდ, ასეთ სახეს მიიღებს: ბრიტანელი და ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები ნამდვილად იქნებიან უკრაინაში, მაგრამ არა სამხედრო ქვედანაყოფების, არამედ საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამხედრო ინსტრუქტორების სახით. ამით უკრაინისადმი მიცემული დაპირება ასე თუ ისე, შესრულდება. ამასთან, ისინი განლაგებულნი იქნებიან არა ფრონტის ხაზზე ან მასთან ახლოს, არც ფრონტის ხაზისგან მოშორებით სამხედრო ობიექტების დასაცავად, არამედ ღრმა ზურგში, დასავლეთ უკრაინაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ