ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
16-17 მაისს სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა.
ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან.
სიტყვით გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ.
მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელშიც მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ცნობად მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში.
მინისტერიალზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათზე რეაგირების ქმედითი გზების ძიების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა 2023 წელს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით გატარებული სამუშაო, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. აღინიშნა უკრაინის ზარალის რეგისტრის ამოქმედებისა და უკრაინის ანგარიშვალდებულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე ევროპის საბჭოში მიმდინარე სამუშაოს მნიშვნელობა.
ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მომდევნო 6 თვის ვადით, საზეიმო ვითარებაში გადაეცა ლიხტენშტაინიდან ლიეტუვას.
მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა წევრი ქვეყნებისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.