1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპას არ უნდა ჰქონდეს თეთრი სახლის იმედი, თუნდაც იქ კამალა ჰარისი შევიდეს – Financial Times
ევროპას არ უნდა ჰქონდეს თეთრი სახლის იმედი, თუნდაც იქ კამალა ჰარისი შევიდეს – Financial Times

ევროპას არ უნდა ჰქონდეს თეთრი სახლის იმედი, თუნდაც იქ კამალა ჰარისი შევიდეს – Financial Times

290
0

„ვინც არ უნდა გაიმარჯვოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ევროპული ქვეყნების მთავრობებს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „ევროპას არ უნდა ჰქონდეს თეთრი სახლის იმედი, თუნდაც იქ კამალა ჰარისი შევიდეს“ (ავტორი – ფილიპ სტივენსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

ჰარისი როცა კამალა ჰარისი საპრეზიდენტო რბოლაში ჩაება, მთელმა ევროპამ შვებით ამოისუნთქა. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის ‘სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ჯო ბაიდენი ევროპელებისათვის კარგი მეგობარი გახდა, მაგრამ… ევროპას არ შეუძლია სენტიმენტალური იყოს ჯო ბაიდენის მიმართ, როცა კონტინენტს რუსული საფრთხე ემუქრება. განა გამოკითხვები 81 წლის ჯო ბაიდენს დამარცხებას არ უწინასწარმეტყველებდნენ დონალდ ტრამპთან ბრძოლაში?

ევროპელების თვალსაზრისები აშშ-სთან მიმართებით თვითდამშვიდებასა და დაურწმუნებლობას შორის მერყეობს, რომელიც ზოგჯერ, პერიოდულად, აღშფოთებაში გადადის. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროპელთა მთავარი ემოცია იყო შიში – შიში იმისა, რომ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა და, შესაბამისად, ევროპისათვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიების „გარდაცვალებას“ გამოაცხადებდა – ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, მათი  „სულის მოსახსენიებელ“ ლოცვას წაიკითხავდა. ახლა კი საფრთხე იმაში იმალება, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებით ევროპელები ისევ თვითდამშვიდების ბურუსში ჩაიძირნენ.

დიპლომატები ასეთ კოშმარულ სცენარს დახატავენ:

ინაუგურაციით – აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლით –  გამხნევებული დონალდ ტრამპი 2025 წლის თებერვალში მოიწვევს ნატოს სამიტს. როცა იგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში – ბრიუსელში ჩაფრინდება, განაცხადებს, რომ მიემგზავრება მოსკოვში თავის ძველ მეგობართან – ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. დონალდ ტრამპი, რა თქმა უნდა, წაიტრაბახებს: „დავჯდებით, კაცურად მოვილაპარაკებთ და განვსაზღვრავთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობებს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი რომ თანხმობაზე აიძულოს, დონალდ ტრამპი მას დაემუქრება, რომ თუ უკრაინის ლიდერი არ შეწყვეტს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნების მცდელობებს, მას ამერიკულ დახმარებას და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას შეუწყვეტს. ამრიგად, დონალდ ტრამპის ნატოელი კოლეგები არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან: ან შეურიგდებიან იმას, რომ ისინი მათმა ნატოელმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინს ჩააბარა (და დაემშვიდობებიან იმ ევროპულ წესრიგს, რომელიც ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ეროვნული საზღვრების ურღვევობის საფუძველზე), ან მათ თვალწინ აშშ გადის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის შემადგენლობიდან, უარს აცხადებს ნატოს წევრობაზე. სიტუაცია შეიძლება შევადაროთ მონეტის აგდების მომენტს: „ორიოლი“ – იგებს პუტინი, „რეშკა“ – აგებს ევროპა.

კამალა ჰარისის მსოფლმხედველობის თაობაზე არცთუ ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ მისი საჯარო განცხადებები იმედისმომცემია: „ჩვენთვის – პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ჩემთვის – ნატოსადმი ერთგულება წმინდათაწმინდა მოვალეობას წარმოადგენს“, – განაცხადა მან მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2024 წლის თებერვალში. იგივე ითქმის უკრაინის მიმართაც. ამ შემთხვევაში კარგად ჩანს კამალა ჰარისის საგარეოპოლიტიკური მრჩევლის ფილიპ გორდონის როლი, რომელიც ჭეშმარიტ და აქტიურ ატლანტისტს წარმოადგენს. მან თავისი დიპლომატიური კარიერა სწორედ ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობის სფეროში გაიკეთა.

მაგრამ ევროპასთან დამოკიდებულების ნიადაგზე მაინცდამაინც ღრმა დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე კამალა ჰარისის რეიტინგი დონალდ ტრამპს დაეწია და თითქმის გადაუსწრო კიდეც, მაინცდამაინც დიდს არაფერს ნიშნავს – საყოველთაო აჟიოტაჟი და ენთუზიაზმი არ არის გამარჯვების მტკიცე გარანტია. გავიხსენოთ, რომ 2016 წელს ჰილარი კლინტონმა თითქმის სამმილიონიანი ხმით უსწრებდა დონალდ ტრამპს, მაგრამ საბოლოო ჯამში ექს-პრეზიდენტის ცოლმა – პრეზიდენტობის კანდიდატმა – არჩევნები მაინც წააგო. კამალა ჰარისმა „საჭირო“ შტატებში სუფთად უნდა გაიმარჯვოს – პირველ რიგში პენსილვანიაში, ვისკონსინში და მინესოტაში.

ევროპელები მაცდურ ილუზიებს აჰყვებიან, თუ კამალა ჰარისში რაღაც მნიშვნელოვან „კარტ-ბლანშს“ დაინახავენ და ამ დროს პრინციპულ ცვლილებას ვერ შეამჩნევენ. ნოემბრის არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშკარაა, რომ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკანასკნელ აქტიურ ატლანტისტად იქცა. იგი კონგრესის ზედა პალატაში – სენატში – ჯერ კიდევ 1972 წელს იქნა არჩეული, ანუ იმ წელიწადს, როცა აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა პირველი ხელშეკრულება გააფორმეს ბირთვული იარაღის შეზღუდვის თაობაზე. ამრიგად, ჯო ბაიდენის პირადი კომპასი ცივი ომით და ევროპასთან ალიანსით არის დაკალიბრებული. მისი დამოკიდებულება „ძველი სამყაროს“ მიმართ არამარტო ემოციურია, არამედ სტრატეგიულიც.

როგორც არ უნდა აფასებდეს კამალა ჰარისი ნატოს როლს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში (დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ მოსკოვისადმი დათმობები უკრაინის საკითხში ძალიან დაასუსტებს ამერიკას ჩინეთთან დაპირისპირებაში), ჯო ბაიდენი მაინც გამონაკლისს წარმოადგენს, თუნდაც ასაკის მხრივ – მას უდიდესი გამოცდილება აქვს. ისიც გავიხსენოთ, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდოდა, სწორედ მისმა წინამორბედმა დემოკრატმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა „სწორება აზიისაკენ“, ანუ შეასუსტა ყურადღება ევროატლანტიზმის მიმართ.

აშშ-ის პოლიტიკური აზრი ორ მიმართულებად არის გაყოფილი: პირველი იხრება ტრადიციული სახის იზოლაციონიზმისაკენ – ამერიკამ უარი უნდა თქვას რაიმე პრეტენზიებზე მსოფლიო ლიდერობასთან დაკავშირებით. მეორის მიხედვით, აშშ-ის უმთავრეს მტერს ჩინეთი წარმოადგენსდა ამიტომ ევროპელებმა, რომლებსაც რუსეთის ეშინიათ, საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ. ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკური წრეები მხოლოდ მემარჯვენე პოპულისტებით არ შემოიფარგლება – მათ შორის ბევრი დემოკრატიც არის, რომლებიც საკუთარ თავს კითხვას უსვამენ, „განა არ დადგა ის დრო, რომ ამერიკამ თავისი ეროვნული ინტერესები შეზღუდოს და მთელ პლანეტაზე არ გაავრცელოს?“ და კამალა ჰარისიც თავს ვერ აარიდებს ასეთ ზეწოლას, თუნდაც არჩევნები მოიგოს და პრეზიდენტი გახდეს.

ევროპელებისათვის გარდაუვალი დასკვნა იმაში გამოიხატება, რომ ადრე თუ გვიან, მათ მაინც მოუწევთ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა – ეს იქნება ნატოს ჩარჩოებში მძლავრი ევროპული საყრდენი ცენტრის შექმნით თუ, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკვე ალიანსის ნანგრევებზე. ემანუელ მაკრონი ამას სტრატეგიულ ავტონომიას და სუვერენიტეტს უწოდებს. ამ მხრივ ფრანგი ლიდერი მართალია, თუმცა მისი რიტორიკა არახალია – მასში შარლ დე გოლის ხედვები შეინიშნება.

ამ შემთხვევაში ევროპელებისათვის ათვლის წერტილი არის თავდაცვის ხარჯების ნელ-ნელა, მაგრამ უწყვეტი ზრდა. ამას უნდა დაემატოს თავდაცვის მრეწველობის ზრდის სტრატეგია და სამხედრო- პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მტკიცე ერთობლივი მიღება, რომელიც ევროპელებს შორის ვლადიმერ პუტინს მომხრეებს განაიარაღებს და მათ ვეტოს უფლება აღარ ექნებათ. შესაბამისად, აგრესორის მიმართ სანქციების და ემბარგოს დაწესება და მათი შესრულების უზრუნველყოფა ისეთი ძნელი აღარ იქნება, როგორიც ახლაა.

ამ მიმართულებით ევროპამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, როცა უკრაინას მხარი დაუჭირა. ზოგჯერ გასაკვირიც კი არის ევროპელების სწრაფი მოქმედება რთულ მომენტებში, მაგრამ ის, თუ როგორ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინაში, როცა უკვე მოჩანს ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბების კონტურები „ძლიერის“ უფლებებით, იქ ცივი ომის დასრულების დროინდელი დებულებებით ვეღარ ისარგებლებ.

დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლური დემოკრატიის სიმტკიცის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მუქარა იქნება. ნატოს მიმართ მისი ნეგატიური დამოკიდებულების ექო ევროპის მიღმა შორს გავრცელდება და კითხვის ნიშნებს დასვამს ისეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიების მიმართ, როგორიცაა იაპონია და სამხრეთ კორეა. ევროპელებს შეიძლება ეპატიოთ მათი მარადიული რწმენა და ლტოლვა უკეთესობის მიმართ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმავდროულად უარესისათვის მოემზადებიან.

წყარო