1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

114
0

ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.

კერძოდ, ერთ-ერთ შესწორებაში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“.

დღეს მიღებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი: „რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას სისტემურად სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, დაუწესონ პირადი სანქციები ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, რომლებიც ხელს უწყობენ და პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე.

შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი განხილვისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ. ეს ბრალდებები თუ დადასტურდება, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ, კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო თანამოაზრეებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ კუთხით, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც მოიცავს ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშში შესული შესწორების მიხედვით, გამოთქმულია წუხილი, რომ „ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად“.

ანგარიშის 24-ე შესწორებაში აღნიშნულია, რომ „მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავოს ყოველგვარი უთანხმოების გამომწვევი და აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენონ მთავარი მიზანი – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ამბიციური, დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებით“.

„ხაზს უსვამს ნდობის ჩამოყალიბებისა და გაზრდის აუცილებლობას ყველა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ დაინტერესებულ მხარეს შორის, ასევე მათსა და ქართველ ხალხს შორის. თუმცა ხაზს უსვამს, რომ მმართველ პარტიას აქვს ინსტრუმენტების უმეტესი ნაწილი და ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ამის განხორციელებაში. იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ საქართველოში, შესაბამისად, აისახება 2021-2027 წლების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში. აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, პოლიტიზებული მართლმსაჯულების აშკარა დემონსტრირებაა; ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება ეწინააღმდეგება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ განზრახვებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ერთ-ერთ შესწორებაში ნათქვამია: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, ათასობით რუსი ჩავიდა საქართველოში დასავლური სანქციებისა და პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით, ისევე როგორც მრავალი ბელარუსი, მათ შორის ისინიც, ვინც დევნას გაურბიან“.

„ევროპარლამენტი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს ძალისხმევის გაგრძელებისკენ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ოკუპაციის დასრულებისკენ; რთული კონტექსტის აღიარებით, მოუწოდებს საქართველოს, შემდგომშიც ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ნდობის მოსაპოვებლად და კონფლიქტების მდგრადი გადაწყვეტის მიზნით; მოუწოდებს ევროკავშირს ყველა არსებული ინსტრუმენტის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის და საქართველოში კრიზისების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტურად გამოყენებით, განაგრძოს მისი ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

მიესალმება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას 2024 წლის 14 დეკემბრამდე, რათა მას საშუალება მიეცეს, განაგრძოს თავისი ამოცანების შესრულება სიტუაციის სტაბილიზაციის, ნორმალიზებისა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის დამყარებისთვის, მზარდი დაძაბულობის გარემოში.

მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასა და ევროკავშირს, გამოვიდეს დიპლომატიური ინიციატივებით უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ძალისხმევის წინსვლას; მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს რუსეთის იმ  100 000 მოქალაქის მხარდაჭერა, რომლებმაც რუსეთს საქართველოში გაქცევით დააღწიეს თავი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავდროულად, ანგარიშის ავტორის, სვენ მიქსერის განცხადებით, ანგარიშში ასევე შევა შესწორება, რომლითაც რეკომენდაციით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ „სახალხო დამცველის მიერ 7 დეკემბერს გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შეიწყალოს ნიკა გვარამია“.

ანგარიშს მხარი დაუჭრა 430-მა ევროპარლამენტარმა, 126-მა თავი შეიკავა, 52 წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით 8 ნოემბერს მიიღო.