
ევროპარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესამოწმებლად ოფიციალურ ორგანოს ქმნის -Politiko
ევროპარლამენტი ოფიციალურ ორგანოს ქმნის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას შეამოწმებს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტმა კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც შეამოწმებს ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. ჯგუფის შექმნის ინიციატორი ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიაა“.
ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცეს „სოციალისტებმა“ და „დემოკრატებმა“, ასევე „განახლებული ევროპისა“ და „მწვანეების“ წარმომადგენლებმა.
„ჩვენ დიდი ხანია, ვამბობდით, რომ არასაკმარისი კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, ტომაშ ჟეჩოვსკიმ.
„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებულ ყველა კონტრაქტს.