1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მითხრა, ვერ ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო, ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდითო -რიკარდ იოზვიაკი
ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მითხრა, ვერ ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო, ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდითო -რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მითხრა, ვერ ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო, ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდითო -რიკარდ იოზვიაკი

1.85K
0

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიას აქვეყნებს, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობას განიხილავს.

„საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირი დიპლომატიურად უკაცრიელ ადგილასაა“, – წერს იოზვიაკი.

როგორც რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, ევროკავშირი და უფრო ნაკლებად, თუმცა ნატო-ც, ვერ წყვეტენ, როგორ წარმართონ ურთიერთობები საქართველოსთან.

„ყაველაშვილის პრეზიდენტობას ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კვლავ აცხადებს პრეტენზიას პრეზიდენტობაზე ლეგიტიმური შემცვლელის არჩევამდე და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ევროპარლამენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს ახალ არჩევნებს და უარყოფს პარლამენტს, რომელმაც შემდგომში აირჩია ყაველაშვილი“, – აღნიშნულია რიკარდ იოზვიაკი სტატიაში.

სტატიაში წერია, რომ ევროკავშირის საბჭოში, რომელიც ბლოკის ყველაზე გავლენიანი ორგანოა, სიტუაცია არ არის მარტივი. საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, სადაც საჭიროა ყველა წევრის თანხმობა, ქვეყნები ორ ბანაკად არიან გაყოფილნი – უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მალევე მიულოცეს და მკაცრი პოზიციის მქონე ქვეყნები, როგორებიცაა ესტონეთი და ლიეტუვა.

როგორც იოზვიაკი სტატიაში აღნიშნავს, ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურ პირთან საუბრისას გაირკვა, რომ მათ ურჩევნიათ ყაველაშვილის საკითხი გადადონ და ამ ეტაპზე საქართველოსთან საერთოდ არ ჰქონდეთ საქმე.

„როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა – „ამაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს – ეს ევროკავშირის ჩვეული გაურკვევლობაა. არავის სურს რაიმეს თქმა, არავის სურს ამ საკითხს შეეხოს და მით უმეტეს, არავის სურს რაიმეს ქაღალდზე გადატანა“, – ციტირებს  რესპოდენტს იოზვიაკი.

„მეორე დიპლომატი, რომელთანაც ვისაუბრე, კიდევ უფრო პირდაპირი იყო: „ჩვენ ამ ეტაპზე არ ვდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამ საკითხზე პასუხის გაცემა“, – წერს იოზვიაკი.

იოსვიაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელი კი მომავლის პროგნოზირებისას პესიმისტურად იყო განწყობილი: „შეუძლებელია ერთსულოვნების მიღწევა ქართული ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკაზე. ჩვენ შევეცდებით ხაზის შენარჩუნებას – კონტაქტების შეზღუდვას პრეზიდენტთან და ახალ მთავრობასთან რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუმცა ვშიშობ, დროთა განმავლობაში ეს შეუძლებელი იქნება“.

ევროკავშირის მრავალი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ამჟამად ბლოკი საქართველოსთან მხოლოდ ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობს სიტუაციის „დეპოლიტიზების“ მიზნით, თუმცა არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა“, – წერს იოზვიაკი.

რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის უმოქმედობის ორ მიზეზს გამოყოფს:

„პირველი ეს არის ეუთო/ოდირის სრული ანგარიში არჩევნების შესახებ, რომელიც 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, საკითხს ვერ აგვარებს. „ჩვენ ვერ ვამბობთ, რომ არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდით“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირს ბევრი სხვა საკითხი აქვს მოსაგვარებელი. 27 იანვარს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია და ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. საქართველოს საკითხი მხოლოდ შეხვედრის ბოლოს, „მიმდინარე საკითხებში“ განიხილეს“, – წერს იოზვიაკი.

რაც შეეხება ნატო-ს, როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, აქ სიტუაცია უფრო მარტივია.

„ალიანსის ერთ-ერთი მოხელე, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, აცხადებს: „მოკლე პასუხია – დიახ, ჩვენ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ვაღიარებთ, თუმცა სიტუაცია რთულია. ოფიციალურად ბევრს არაფერს ვამბობთ, მაგრამ თუ საჭირო გახდება მისი მოწვევა რომელიმე ღონისძიებაზე, მოვიწვევთ. თუმცა, წელს ნატო-ს მინისტერიალებზე, ივნისში ჰააგის სამიტზე არც ქართველი მინისტრები იქნებიან მოწვეული და არც ქართველი ლიდერები“, – წერია სტატიაში.