
“ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს”-Berliner Zeitung
გერმანულ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს“ (ავტორი – ფრანც ბეკი). „ევროპარლამენტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს. ევროკომისიის თავმჯდომარე თვითმარქვიასავით მოქმედებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნას გეგმავს. სანამ იქ ომი გრძელდება, ევროკომისიის ხელმძღვანელის განკარგულებაში მილიარდობით ევრო და ჯარები რჩება – თანაც საპარლამენტო და სხვა რაიმე კონტროლის გარეშე.
ყურადღება მიაქციეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისა და სიტუაციის დარეგულირების გეგმა აქვს. ორიოდე დღის წინ მან ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ როგორი სახით აპირებს პრობლემის მოგვარებას და რის საფუძველზე აქვს იმედი.
მაგრამ ჩნდება კითხვა, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს: ვისი სახელით აცხადებს ამ ყველაფერს ევროკომისიის ხელმძღვანელი?
„ევროკავშირი – ეს მე ვარ“?
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობები ჩიხშია შესული და მის დასრულების დრო ჯერ კიდევ გაურკვეველია, ევროკომისიის თავმჯდომარემ უკვე შექმნა სამოქმედო სცენარი უახლოეს წლებისათვის. მასში ფიგურირებს „მკაფიო საგზაო რუკა“ ევროპული ჯარების სავარაუდო განთავსების შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე. „პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგვარწმუნა, რომ აშშ-ის უკრაინაში ყოფნა ჩვენი სტრატეგიის ნაწილი იქნება“, – განაცხადა ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელის ნათქვამიდან გამოდის, ევროპის ქვეყნებიდან უკრაინაში ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება. სავარაუდოდ, ისინი იქნებიან საერთო ევროპული სარდლობის ქვეშ, აშშ-ის მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს სადაზვერვო მასალებით და გაკონტროლების საშუალებებით უზრუნველყოფას.
რასაკვირველია, ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა იოლი არ იქნება, რადგან ამისათვის თითოეული ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი – იმდენად, რამდენადაც საკუთარი ჯარების საზღვარგარეთ განთავსება „სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს სუვერენულ უფლებად“ ითვლება, მაგრამ როგორც ფრაუ ურსულა ამბობს ინტერვიუში, „ის, რომ საკითხი სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი, ამის აუცილებლობა ძალიან იგრძნობა“, – აღნიშნა მან ინტერვიუში და ამით მიანიშნა ევროკავშირის სტრატეგიის მთავარ ელემენტზე – საგანგებო სიტუაციის არსებობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფრაუ ურსულა პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციაში კორონავირუსს ებრძოდა, ახლა კი იგივენაირი საგანგებო სიტუაციის მეშვეობით რუსების წინააღმდეგ მოქმედებს.
გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნას მიღებული, შეძლებისდაგვარად პარლამენტში ხანგრძლივი განხილვების გარეშე, რადგან დებატები დიდ დროს იკავებს. მაისის ბოლოს ევროკავშირის 27 ქვეყნის მონაწილეობით (ევროკომისიის წინადადებით) გადაწყდა თავდაცვის ფონდის შექმნა, რომლის საკრედიტო პროგრამით 150 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი იარაღის შესყიდვის დასაფინანსებლად.
ევროპის პარლამენტს ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიუღია – ევროკომისია ეყრდნობოდა ევროკავშირის ხელშეკრულების 122-ე მუხლს, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციების დროს საკითხების გადაწყვეტა პარლამენტის მონაწილეობის გარეშე შეიძლება მოხდეს. ეს მუხლი თავისი შინაარსით საკმაოდ სადაოა, რადგან მისი გამოყენების დროს „ევროკომისიის უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობა“ გამორიცხული არ არის.
ფრაუ ურსულა – ავტორიტარი?
ურსულა ფონ დელ ლაიენს მმართველობის ავტორიტარული სტილი აქვს. სწორედ ამის გამო დადგა საკითხი ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტში მისთვის უნდობლობის ვოტუმი გამოეცხადებინათ – ევროკომისიის ხელმძღვანელს გაუხსენეს პანდემიის დროს 1,8 მილიარდი დოზა ვაქცინისათვის კომპანია Pfizer-სათვის 35 მილიარდი ევროს გადახდა ისე, რომ პროცედურა არაგამჭვირვალე იყო. ფრაუ ურსულამ თანამდებობა შეინარჩუნა და, შესაბამისად, ახლა უფრო თავისუფლად და დიდი გაქანებით მოქმედებს.
ევროკომისიის ხელმძღვანელი პირადად წყვეტს, თუ როგორ და რაში უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებისგან მოგროვილი მილიარდობით თანხები. იგი განსაზღვრავს პირადად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას… მაგრამ ფრაუ ურსულას ამ ამოცანების რეალიზებისათვის დემოკრატიული, ლეგიტიმური სტატუსი არ აქვს – ყოველ შემთხვევაში, იგი თავის პოსტზე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ არის არჩეული. ევრპარლამენტი, რომელიც ევროკავშირში ერთადერთი არჩევითი დაწესებულებაა, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გარიცხულია და მასში არ მონაწილეობს.
„ფაინენშელ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენი თამამად აცხადებს, რომ მან მოძებნა ახალი წყაროები უკრაინის არმიის დასაფინანსებლად, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მთავარი გარანტი იქნება. მისი თქმით, უკრაინის არმიის ძლიერების განმტკიცება მშვიდობიან დროსაც გაგრძელდება.
მოკლედ, ფრაუ ურსულას სურვილის მიხედვით, უკრაინის მილიტარიზაცია დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარების შემდეგაც გაგრძელდება. ანუ უკრაინის არმიის გადაიარაღების კონცეფცია ევრკომისიისათვის სამოქმედო პროგრამად რჩება.
ევროკომისიის ხელმძღვანელი უფლებამოსილებას აჭარბებს
ბებერი ევროპა მილიტარისტულ კურსს დაადგა. უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი, რომლებსაც „მშვიდობისმყოფელებს“ უწოდებენ, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კერძოდ, „უკრაინისადმი დახმარების მსურველთა კოალიციის“ ინიციატივები არ მოსწონს იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის, რომლის თქმით, ვლადიმერ პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში არ დათანხმდება ნატოს ჯარისკაცების ყოფნას უკრაინაში, რუსეთის საზღვართან. და მაინც ურსულა ფონ დერ ლაიენს რაც და როგორც სურს, იმის გაკეთებას ისე ცდილობს, საკუთარი გემოვნებით. იგი დადის ვაშინგტონში, თვითნებურად პირდება დონალდ ტრამპს ევროპის ეკონომიკაში ინვესტიციების თავისუფალ დაბანდებას, მონაწილეობს მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მაგრამ ამ დროს იგი არ წარმოადგენს არცერთ სახელმწიფოს და არც ევროპის კონტინენტს მთლიანად.
მაშ ვისი სახელით მოქმედებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, როცა იგი უკრაინას მილიარდებს პირდება და ჯარების შეყვანის საკითხს უკვე გადაწყვეტილად თვლის? ერთი რამ ნათელია: ბრიუსელში ომისა და ფულის თაობაზე გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტის და რაიმე სხვა საერთო ევროპული ორგანოს კონტროლის გარეშე იღებენ და ეს ხდება იმ დროს, როცა ევროპის მომავალი სასწორზეა დადებული.
მოამზადა სიმონ კილაძემ