
ეუთო-ს თავმჯდომარემ ნახა, როგორ ასრულებენ მისი “შვილები” დავალებას, შეურაცხმყოფელია, როცა მსგავსი თანამდებობის პირი ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს -კახა კალაძე
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელს არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ გააჩნია – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ შეაფასა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის საპროტესტო აქციაზე მისვლა.
კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საპროტესტო აქციაზე და ახალისებს პროცესებს.
„ჩვენ ვიცით, ვინ აფინანსებს, საიდან იმართება, ქვეყნის შიგნით არსებული პროცესები. მათ თავიანთი პატრონები და დავალების მიმცემები ჰყავთ. ჩამოვიდა ეუთო-ს თავმჯდომარე და ნახა თავისი „შვილები” როგორ ასრულებენ დავალებას. რაც შეეხება უშუალოდ მის ქმედებას, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ძალადობრივი დაჯგუფების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ მოწყობილ აქციაზე მიდის. ის პირდაპირ ახალისებს მათ და ეს ძალიან მძიმეა.
ჩვენი უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნულ ფაქტზე განმარტებები უკვე გააკეთა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელთან ცალმხრივი ურთიერთობის რეჟიმში ვრჩებით. მათი ქმდებები, რასაც საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, ძალიან მძიმეა. არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ აქვთ. ჩვენ ხომ ვიცით, რისთვის სჭირდებოდათ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ და მოიხსენიონ ისე, როგორც სათამაშო, რასაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრიც ამბობდა, რომ საქართველო, თურმე ევროპელების და ზოგადად უცხოელებისთვის კარგი სათამაშო ყოფილა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.