1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას და იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა -ლევან დავითაშვილი
ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას და იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა -ლევან დავითაშვილი

ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას და იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა -ლევან დავითაშვილი

52
0
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. ეს არის ძალიან დასაფასებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას; აღიარებს იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის წევრია,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 
 
ლევან დავითაშვილის თქმით, უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. „კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნგრეთი მკაფიოდ უჭერდა საქართველოს მხარს. ამაში ნამდვილად დაგვეხმარა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება, კიდევ უფრო გამყარდება და ის დინამიკა, რომელიც გვაქვს, შენარჩუნდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სხვადასხვა კავშირისთვის,” – აღნიშნა მან. 
 
ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს მარტონ ნადის, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. „თქვენ იცით, რომ ეკონომიკური კომისიის გარდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს, ჩვენ უნგრეთის მხარესთან მნიშვნელოვანი ფორმატი შევქმენით. შევჯერდით, რომ უნგრეთთან ჩვენ გვქონდეს გაფართოებული მთავრობების თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ვსაუბრობთ მეტ ეკონომიკურ კავშირზე ორ ქვეყანას შორის. უნგრეთს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა გააჩნია. ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც შეიძლება საქართველოში იყოს, კერძოდ, სატრანზიტო პოტენციალის მეტად გამოყენებაზე საქართველოში. ასევე ვისაუბრეთ საბორნე ინფრასტრუქტურაში უნგრული კომპანიების დაინტერესებაზე იმიტომ, რომ როგორც საქართველოს, ისე უნგრეთს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მეტი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით,” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 
 
ლევან დავითაშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების გაზიარებაზე. „ჩვენ მოვამზადებთ საინვესტიციო პროექტების პაკეტს და გავუზიარებთ ჩვენს უნგრელ კოლეგებს როგორც კერძო სექტორის, ისე საჯარო ინვესტიციების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთისა და უნგრული ბიზნესის დაინტერესება ამ პროექტებით საკმაოდ მაღალი იქნება. ასე რომ, ჩვენს კომუნიკაციას, დიალოგს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით ვაგრძელებთ და მომავალშიც განვაგრძობთ,” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.