1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს იყო ცრუ განგაში” – განათლების მინისტრი „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე
“ეს იყო ცრუ განგაში” – განათლების მინისტრი „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე

“ეს იყო ცრუ განგაში” – განათლების მინისტრი „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე

199
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არც ერთ სკოლაში არ აღმოჩნდა ის, რაზეც მითითება იყო სკოლებზე ტერაქტების თაობაზე „ტელეგრამით“ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაში.

მინისტრის თქმით, დილით სწრაფად მოხდა სასკოლო საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და არავითარი საფუძველი სასწავლო პროცესის გადადების თაობაზე არ არსებობს. როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი უწყებები უკვე იძიებენ, ვინ იდგა სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის უკან.

„გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ტიპის ინფორმაცია ერთ-ერთ ახლად შექმნილ „ტელეგრამ“ არხზე. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში როგორც სამინისტროს, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ყველა დასახელებულ სკოლაში, რომელიც მითითებული იყო ამა თუ იმ განცხადებაში, მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტად აგრძელებდნენ ამის გადამოწმებას და არსად, არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ამ ინფორმაციაში. ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, სწრაფად მიგვეწოდებინა სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია. არავითარი პანიკის და მით უმეტეს სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები უკვე იძიებენ თუ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზნები და ამოცანები“, – განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.