ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის გარე ძალებიდან იმართება, ის არის ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე
ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის იმართება გარე ძალებიდან, ის არის ამ ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ამასთან, კალაძემ მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„პირველ რიგში, მინდა საქართველოს მივულოცო ახალი პრეზიდენტის არჩევა მიხეილ ყაველაშვილის სახით. მინდა წარმატებები ვუსურვო მას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი, იქნება ღირსეული ადამიანი, ვინც ღირსეულად იქნება ქვეყნის, ხალხის სამსახურში. ყველაზე მთავარი რა არის დღეს? – გიყვარდეს შენი ქვეყანა და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც სჭირდება შენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სალომე ზურაბიშვილის კონკრეტული ქმედებები, განცხადებები აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ინტერესებთან. აშკარად ჩანდა, რომ ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის იმართება გარე ძალებიდან, ის არის ამ ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი.
სალომე ზურაბიშვილი მისი განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებს, იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს არის მის თავში მოხარშული „მესიჯები“, პირიქით, გარედან წამოსული დავალებაა, თუ რა უნდა თქვას, როგორ უნდა იმოქმედოს. არ იფიქროთ, რომ ის, რასაც ეს რადიკალური დაჯგუფება აკეთებს, თუნდაც „მესიჯების“ დონეზე, მათი დალაგებული იყოს. ყველაფერი მოდის გარედან, როგორც ეტყვიან, დაავალებენ, ისე უნდა იმოქმედონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ორი პარასკევი“, – განაცხადა კალაძემ.