
ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ-სალომე ზურაბიშვილი
ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები.
კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაქსაქსულები.
„ბევრჯერ მითქვამს, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს – გაერთიანებულები იქნებიან, თუ ცალ-ცალკე დაშლილები. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ. ეს არის რეალურად აღნიშნული რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთაც ჰყავთ თავიანთი პატრონი. არ იფიქროთ, რომ ისინი ქვეყნისთვის რაიმე ინტერესს ემსახურებოდნენ, ან ზრუნავენ სამშობლოს ხვალინდელ დღეზე. მათ აქვთ თავიანთი დავალება, ხოლო იმ ძალებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რომ როდესაც საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.