“ექსპერტები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინის “წლიური” პრეს-კონფერენცია დონალდ ტრამპის მმართველობისადმი მომზადებას ნიშნავს”-Deutsche Welle
გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ექსპერტები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინის „წლიური“ პრეს-კონფერენცია დონალდ ტრამპის მმართველობისადმი მომზადებას ნიშნავს“ (ავტორი – ნიკიტა ჟოლკვერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„გერმანელი რუსოლოგები – რუსეთის სპეციალისტები – შტეფან მაისტერი და ჰანს-ჰენინგ შრედერი განმარტავენ, თუ რატომ ილაპარაკა ჩვეულებრივზე მეტი ვლადიმერ პუტინმა 19 დეკემბერს მოსკოვში გამართულ „შემაჯამებელ“ პრეს-კონფერენციაზე, უკრაინასთან მიმდინარე ომის შესახებ.
„პირდაპირი ხაზი-2024“: პუტინის მრავალსიტყვაობა უკრაინაზე
„პუტინის უხვსიტყვაობა, როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში ბატონობს აზრი – რადგანაც საქმე გამარჯვებისაკენ მიდის, შეიძლება პოზიტიური განცხადებები გაკეთდეს და შიგადაშიგ დანაკარგებიც ვახსენოთ“, – ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბრისას პროფესორი ჰანს-ჰენინგ შრედერი. ეს ეხება კურსკის ოლქში შექმნილ მდგომარეობასაც, რომლის მცირე ნაწილის ოკუპირებას უკრაინის არმია აგვისტოდან დღესაც აგრძელებს: „კურსკის სიტუაციაზე ვლადიმერ პუტინმა ფართოდ იმიტომ ილაპარაკა, რომ მისი გათვლით, რუსეთის არმია დონბასს მალე მთლიანად დაიპყრობს და კურსკის ოლქსაც სწრაფად გაათავისუფლებს, მით უმეტეს, რომ იქაც უკრაინის ქვედანაყოფები თანდათან უკან იხევენ“.
შტეფან მაისტერის შეფასებით, „ვლადიმერ პუტინი საკვირველად კარგ ხასიათზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომის მდგომარეობაში იმყოფება და მძიმე ეკონომიკური პრობლემებს განიცდის. კრემლმა ახლახან სირიაც დაკარგა“. მართალია, დონბასის ფრონტზე და კურსკის ოლქში წარმატება ნამდვილად არის, რაზედაც რუსეთის ლიდერმა ბევრი ილაპარაკა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს წარმატებები მას ძვირად უჯდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის არმია წინ მიიწევს, მაგრამ მიიწევს დიდი დანაკარგებით. დღეისათვის რუსები უფრო მეტ ზარალს განიცდიან, ვიდრე წინა თვეებში. აშკარაა, რომ კრემლი არაფერს ერიდება რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად იმ მომენტისათვის, როცა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ინაუგურაციის შემდეგ, იურიდიულად მიიღებს თავის უფლებამოსილებას“, – ამბობს შტეფან მაისტერი.
რაც შეეხება რუსეთის არმიის ოპერაციას კურსკის ოლქში, ექსპერტის თქმით, მოსკოვი იქ შეტევებს „გადამწვარი მიწის“ პრინციპით ახორციელებს – საკუთარ ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებს“.
პრეზიდენტი რუს დაჭრილებზე და ინვალიდებზე „ზრუნავს“
ჰანს-ჰენინგ შრედერი აღნიშნავს, რომ 2024 წლის შემაჯამებენ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა უჩვეულოდ ბევრი ისაუბრა უკრაინასთან ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა მდგომარეობაზე და მათ მკურნალობაზე. დღემდე რუსეთის ოფიციოზი და სამთავრობო პრესა ამ პრობლემაზე არაფერს არ წერდა. ექსპერტმა გაიხსენა, რომ პრეს-კონფერენციამდე რამდენიმე კვირით ადრე ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრს ეწვია და დაჭრილი უფეხო ჯარისკაცები მოინახულა, მათთან სამახსოვრო ფოტოსურათიც კი გადაიღო. „პუტინს ომი რომ არ დაეწყო, ყველა ჯარისკაცს ხელ-ფეხი თავის ადგილზე ექნებოდა. სწორედ ვლადიმერ პუტინი არის პასუხისმგებელი დასახიჩრებულ ჯარისკაცთა მდგომარეობის გამო, მაგრამ ეს კრემლს არ ადარდებს“, – ამბობს ჰანს-ჰენინგ შრედერი.
ვლადიმერ პუტინი, – თვლის პროფესორი, – პრეს-კონფერენციაზე ცდილობდა, რომ ერთი მხრივ, დემონსტრირება მოეხდინა იმისა, თუ როგორ ზრუნავს რუსული სახელმწიფო და პირადად თვითონ საკუთარ ჯარისკაცებზე და მეორე მხრივ – ცდილობდა დაერწმუნებინა რუსული საზოგადოება იმაში, რომ ომი რიგითი მოქალაქეების მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს. თუმცა ინფლაციის დონე ისეთია, რომ რუსები უკვე გრძნობენ მის უარყოფით შედეგებს.
კრემლი დონალდ ტრამპის მოლოდინში
შტეფან მაისტერმა, კომენტარი გაუკეთა რა ვლადიმერ პუტინის განცხადებას – მისი მზადყოფნის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისა და კომპრომისებისათვის – აღნიშნა, რომ ამ მხრივ რაიმე ცვლილება რუსეთის პრეზიდენტის პოზიციებში არ მომხდარა. „უკრაინა, რუსეთის ლიდერის აზრით უნდა იყოს ნეიტრალური, არ უნდა გახდეს ნატოს წევრი, ანუ კიევს უსაფრთხოების გარანტიები არ უნდა ჰქონდეს და განიარაღდეს. კრემლის ბინადარი ამ თავის თვალსაზრისს მუდმივად იმეორებს და როგორც ჩანს, იგი თავის მაქსიმალისტურ პოზიციაზე დარჩება. მოსკოვის პირობები უკრაინისათვის მიუღებელია, რადგან ეს ნიშნავს სუვერენიტეტის და თავდაცვის უფლების წართმევას“, – აცხადებს ექსპერტი.
შეტეფან მაისტერის აზრით, ამავე ჩარჩოში ჯდება ვლადიმერ პუტინის განცხადებები ფრონტზე არსებული წარმატების შესახებ და მისი შეთავაზება გაიმართოს „დუელი“ რუსულ რაკეტა „ორეშნიკსა“ და დასავლურ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს შორის, აგრეთვე მისი მსჯელობა ბირთვულ დოქტრინაზე. „ეს არის რუსეთის მომზადება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისათვის“, – ამბობს ექსპერტი.
„ვლადიმერ პუტინის მთელი პოლიტიკა დონალდ ტრამპის ირგვლივ ბრუნავს, რადგან მოსალოდნელია აშშ-ის მიდგომების შეცვლა უკრაინისა და რუსეთის მიმართ, – თვლის შტეფან მაისტერი, – დონალდ ტრამპის გეგმები შეიძლება რუსეთისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ თეთრი სახლი უკრაინაზე ზეწოლას მოახდენს და მას მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლას აიძულებს. მაგრამ შეიძლება პირიქით მოხდეს: თუ დონალდ ტრამპი მიხვდება, რომ ვლადიმერ პუტინთან დადებული გარიგება ცუდია, მას შეუძლია სიტუაციის ისეთი ესკალაცია მოახდინოს, რის გაკეთებაც ჯო ბაიდენსაც კი არ შეეძლო. ამიტომაც ამჟამად ვლადიმერ პუტინი მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს, მოლაპარაკების წინ თავისი პოზიციების განსამტკიცებლად. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ კრემლის მეთაურის ყველა განცხადება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ