
„ენბისი ნიუსის“ კვლევა – 2004 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ამერიკელი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
2004 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ამერიკელი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ასეთია „ენბისი ნიუსის“ მიერ ჩატარებული კვლევა.
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მედიასაშუალების ცნობით, ეს 2004 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მიუხედავად იმისა, რომ მოსახლოების უმეტესობა – გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
რაც შეეხება ტრამპის რეიტინგს, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და 47%-ს შეადგენს, თუმცა ისევ გამოკითხულთა უმტესობა, 51% მის საქმიანობას არ აფასებს დადებითად. რაც შეეხება ეკონომიკას, ამ მხრივ ტრამპის სამუშაოდ დადებითად აფასებს გამოკითხულთა 44%, 54% კი უარყოფითად.
გამოკითხულთა 55%-ს არ მოსწონს, როგორ უმკლავდება აშშ-ის პეზიდენტი ინფლაციას და ცხოვრების ხარჯებს, 42% კი ამ მიმართულებით მის ქმედებებს მხარს უჭერს. გამოკითხვის მონაწილეთა 46% კარგ იდეად მიიჩნევს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნას, 40% კი ამას ცუდ იდეად აფასებს. რაც შეეხება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილონ მასკს, გამოკითხულთა 51% მის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, მის მიმართ პოზიტიური განწყობა კი რესპონდენტთა 39%-ს აქვს.
გამოკითხულთა ერთი-მესამედი ამბობს, რო ილონ მასკისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა ხარჯების შესამცირებლად უნდა გაგრძელდეს, 28% კი ამბობს, რომ ტემპი უნდა შენელდეს, რათა შეფასდეს შედეგები. რესპონდენტტა 33% ამბობს, რომ ეს ზომები უგუნურია და უნდა შეწყდეს ახლავე, ვიდრე კიდევ უფრო დიდი ზიანი არ გამოუწვევია.
„ენბისი ნიუსის“ კვლევა 7-11 მარტს სატელეფონო ინტერვიუებისა და ონლაინ-გამოკითხვების გზით ჩატარდა. გამოკითხვაში ათასი რეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცდომილების ალბათობა ±3,1 %-ს შეადგენს.