1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ძნელია, საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს “კარუსელებზე” -ლევან იოსელიანი
“ძნელია, საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს “კარუსელებზე” -ლევან იოსელიანი

“ძნელია, საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს “კარუსელებზე” -ლევან იოსელიანი

434
0

ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასეც რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, ამის არ მჯერა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ომბუდსმენის თქმით, არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს და ერთი ადამიანიც არ გამოჩნდა, ვინც იტყოდა, რომ პირადობის მოწმობები იძულებით ჩამოართვეს.

„მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასეც რომ იყოს, ამას სჭირდება დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა.

საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა. ორი თვეა, ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში პროცედურული დარღვევები იყო.

„არის რაღაცები, რაც ობიექტური მოცემულობაა. მართლა მელანმა გამოჟონა, ოღონდ ეს არის დიდ კონტექსტში შესაფასებელი, რამდენად მიემართება ეს შენი ნების გამოვლენას, რომ მიხვედი, იყო თუ არა შენი ნების გამოვლენა უზრუნველყოფილი, თუ ამ ნების გამოვლენაზე ვინმე ახდენდა გავლენას. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ამოცანაა, დავინახო ადამიანი დაუბრკოლებლად აძლევდა თუ არა ხმას. პროცედურული დარღვევები, რა თქმა უნდა იყო. ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა, ამდენი საჩივარი რაზეა დაწერილი? რა თქმა უნდა, ეს დარღვევები იყო. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც უამრავ დარღვევაზეა საუბარი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის, ილაპარაკოს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.

„ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ასეთი მოთხოვნები ჰქონდეს, ოღონდ ყველა მოთხოვნა გამაგრებული უნდა იყოს რაღაც მტკიცებულებით. 3 111 უბანზე შემაჯამებელი ოქმი დაიწერა, სადაც ყველა ოქმზე ხელს აწერს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მხოლოდ ცხრა უბანზეა დაწერილი განსხვავებული აზრი. დაახლოებით 47 ათასი დამკვირვებელი იყო, თუ ყველა მოისყიდეს, თუ არავინ არაფერი დაწერა, თუ ბიულეტენის გაჟონვის ფაქტზე შვიდი განცხადება დაიწერა, თუ ვინმეს სჯერა, რომ ასე მოხდა… დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო, რაც პირდაპირ ეთერშიც ვიხილეთ. დარღვევები კი არა, დანაშაულის ფაქტებიც იყო. ყველა ამ საკითხზე, ყველა დანაშაულის შესაძლო ფაქტზე ჩვენ გვაქვს პასუხი. ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს, ჩვენ რას ვაკეთებდით ამ პერიოდში. ვინმეს თუ აქვს მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი გამოვა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე ილაპარაკებს, როდესაც მას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და თუ ვინმე ვინმეს დააჯერებს, რომ ეს სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.