“ძირითადი ნიშნები იმისა, რომ ირანის ისლამური რეჟიმი შეიძლება დაეცეს”-The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ძირითადი ნიშნები იმისა, რომ ირანის ისლამური რეჟიმი შეიძლება დაეცეს“ (ავტორი – როლანდ ოლიფანტი, საერთაშორისო მიმომხილველი). „ისლამური რევოლუციიდან“ 47 წლის შემდეგ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეები თვლიან, რომ თეოკრატიული ხელისუფლება მალე დაეცემა. რამდენად სწორია მათი რწმენა? განვიხილოთ ის ფაქტორები და ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
„ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება“ – ამ მანტრას ირანელები ბოლო წლებში უამრავჯერ იმეორებდნენ, როცა ქუჩის დემონსტრაციებს უერთდებოდნენ, რეფორმების განხორციელების ან თეოკრატიული დიქტატურის დამხობის მიზნით. მაგრამ მათი იმედები და ოცნებები ყოველთვის იმსხვრეოდა სროლების, დაპატიმრებების, საპყრობილეებში წამების შედეგად.
გასულ კვირაში, ხუთშაბათს გამართული მასობრივი დემონსტრაციის შემდეგ იმედები ისევ აღორძინდა: ამჯერად ბევრ ირანელში გაჩნდა მღელვარე გრძნობა, რომ ნამდვილად რაღაც იცვლება. ნუთუ ირანის ისლამური რესპუბლიკა 47 წლის არსებობის შემდეგ, თავის დასასრულს ჰპოვებს? განვიხილოთ ფაქტორები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ.
რეალური ოპოზიცია
სიტუაცია ისეთია, რომ ამჟამინდელი სახალხო გამოსვლები ბევრად უფრო საშიშია რეჟიმისათვის, ვიდრე წინა წლების ანტისამთავრობო დემონსტრაციები.
პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, ირანელ პროტესტანტებს ლიდერი გამოუჩნდათ – რეზა ფეჰლევიმ, შაჰის მემკვიდრე დევნილმა პრინცმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც ირანელებს ქუჩაში უფრო ფართო გამოსვლებისაკენ მოუწოდა. ეს იყო ორი ფაქტორის – პრინცის ავტორიტეტისა და ოპოზიციის განწყობის – შემოწმება, თუ რამდენად დაუჯერებდა მოსახლეობა [ოდესღაც საძულველი შაჰის შვილის] მოწოდებას. ერთიც და მეორეც ღირსეულად და გადაჭარბებით შესრულდა.
მასობრივმა დემონსტრაციებმა თეირანსა და ქვეყნის სხვა ბევრ ქალაქში აჩვენეს, რომ რეზა ფეჰლევის სიტყვას და მოწოდებას წონა აქვს და რომ მისი პოლიტიკური მტრებიც კი იძულებულნი არიან შაჰის მემკვიდრის ავტორიტეტი აღიარონ, რევოლუციის ნომინალური ლიდერი სახით.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ რეზა ფეჰლევი არასრულყოფილ ლიდერის როლს ასრულებს. იგი იმ მონარქის მემკვიდრეს წარმოადგენს, რომლის დასამხობად მომხდარ რევოლუციაში 1979 წელს თითქმის ყოველი ირანელი მონაწილეობდა. და მიუხედავად პრინცის დემოკრატიული პოზიციისა, მის მხარეს არიან აგრეთვე ის მონარქისტებიც, რომლებიც რადიკალები არიან. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ირანელები თავისუფლებისა და ეკონომიური დახმარების მისაღწევად გამოდიან და არა შაჰის ხელისუფლების აღდგენისათვის.
მაგრამ, როგორც შაჰის ერთმა კრიტიკოსმა თქვა, რეზა ფეჰლევი ერთადერთი ღია და „ხელმისაწვდომი“ ლიდერია, რომელიც იმავე დროს პოპულარულიც არის. ამას პრინცის შეურიგებელი მტრებიც აღიარებენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია: სწორედ ასეთმა კონსენსუსმა მდიდრებს და ღარიბებს, ლიბერალებს და კონსერვატორებს, ვაჭრებს და მუშებს, დემოკრატებს, ისლამისტებს და მარქსისტებს შორის გამოიწვია შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის ხელისუფლების დამხობა 1979 წელს.
რეჟიმის ჭკნობა
როგორც ყველა რევოლუციური რეჟიმის დროს ხდება ხოლმე, ისლამურმა რესპუბლიკამ დიდი ძალისხმევა მოამხმარა საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცებას. 2009 წელს, როცა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მეორედ არჩევის დროს ხელისუფლებამ ბევრი სიყალბე ჩაიდინა და, შესაბამისად, ანტისამთავრობო გამოსვლები გამოიწვია „მწვანე მოძრაობის“ სახით და თეოკრატიული რეჟიმი დამხობის პირას იდგა, ირანის უსაფრთხოების სამსახურებმა რეპრესიების რთული სისტემა შეიმუშავეს, რომელიც სამ ბურჯს ეყრდნობა: ა) უმკაცრესი მოპყრობა დემონსტრანტების მიმართ, მათი მოკვლის ჩათვლით; ბ) ლიდერებისა და მათი თანამგრძნობი პირების ქვეყნიდან გაძევება, საპყრობილეებში ჩასმა ან სიკვდილით დასჯა; გ) უმაღლესი მმართველის მკაცრი და მკაფიო ბრძანებები ხელისუფლებისადმი.
დღეისათვის ყველა სამივე პრინციპი ატროფირებულია. არ არის გამორიცხული, რომ ისინი სულ მალე გაცამტვერდებიან.
თეირანში სროლა ისმის. დემონსტრანტებმა პოლიციისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ავტომობილები დაამსხვრიეს და დაწვეს. ადრე ასეთი რამ არ მომხდარა.
მაგრამ, რამდენადაც ცნობილია, რეჟიმი ჯერ-ჯერობით მაინც მეტ-ნაკლებად თავშეკავებულია. პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა საჯაროდ მოუწოდა უშიშროების ძალებს ერთმანეთისაგან განასხვავონ „ბუნტისთავი რადიკალები“ და მშვიდობიანი მომიტინგეები. საყურადღებოა, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში არსებული სტრუქტურის „ბასიჯის“ წევრები, რომლებიც ადრე სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს და ანტისამთავრობო გამოსვლებს დაუნდობლად ახშობდნენ, ამჯერად თავიანთი მოტოციკლეტებით ქუჩებში არ გამოსულან.
რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ დონალდ ტრამპი სამჯერ არაორაზროვნად დაემუქრა ირანის ხელისუფლებას, რომ დაარტყამდა, თუ „რევოლუციის გუშაგები“ საპროტესტო აქციების მონაწილეთა ხოცვას მასობრივად დაიწყებდნენ. 30-მდე დაღუპული ახლაც არის, მაგრამ რადგანაც ისინი, ზოგიერთი ცნობით, „ჭყლეტვაში“ მოჰყვნენ, აშშ-ის ლიდერი თავს არიდებდა მუქარის შესრულებას, მაგრამ ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ რაღაც მომენტში დონალდ ტრამპი თავის სიტყვას შეასრულებს.
ისრაელ-აშშ-ის შარშანდელმა 12-დღიანმა დაბომბვებმა ირანში პანიკა და ქაოსი დათესა. შესაბამისად, თეოკრატიული რეჟიმი დარწმუნდა, რომ დონალდ ტრამპი ისევ მზად არის ძალის გამოყენებისათვის და უკან არ დაიხევს. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰამენეი და მისი „გუშაგი“ გენერლები ცდილობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს და პლუს ისრაელის პრემიერ-მინისტრს მეორედ შეტევის საბაბი არ მისცენ.
ირანის სადაზვერვო და უსაფრთხოების უწყებებიც საკმაოდ დასუსტებულები არიან და მათ რიგებში გაურკვევლობა სუფევს. ამ სტრუქტურების ბევრი ხელმძღვანელი, რომლებიც რეპრესიებს ახორციელებდნენ, შარშანდელი 12-დღიანი დაბომბვების დროს ზუსტი ცეცხლით განადგურდნენ. ისინი კი, ვინც ცოცხლები გადარჩნენ, რწმენაშერყეულები არიან. რეჟიმისადმი მათი ერთგულების გრძნობა პარალიზებულია. ისრაელ-აშშ-ის ერთობლივმა საჰაერო შეტევის შედეგებმა აჩვენა, რომ ირანის ხელისუფლებაში და ძალოვან სტრუქტურებში „მოსადის“ ბევრი ფარული აგენტია, რომელთაგან ზოგიერთებს საკვანძო თანამდებობებიც აქვთ დაკავებული.
და ახლა, როცა ირანელი ლიდერები ამერიკული კომანდოსის მიერ „კარგად დაცული“ ვენესუელის ლიდერის სწრაფი გატაცების მოწმენი გახდნენ, ეს ფაქტი მათში პარანოიის დონეს ზრდის.
დასუსტებული აიათოლა
იყო დრო, როცა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი თავისი ეშმაკობით, ჭკუა-გონებით და ურყევი პოლიტიკური ნებით უდაოდ შეუცვლელ ადამიანს და უმაღლეს მსაჯულს წარმოადგენდა, ქვეყნის ბედს განაგებდა. მაგრამ ამქვეყნიურ ცხოვრებასაც აქვს დასასრული – აიათოლა უკვე 86 წლისაა და, როგორც ჩანს, მისი უნარები და გონებრივი შესაძლებლობები მცირდება. ალი ჰამენეი რეალობისგან მოწყვეტილი, იზოლირებულია და, როგორც ხანდაზმულ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ, ჯიუტია: იგი დარწმუნებულია, რომ შეძლებს და ამჟამინდელ საპროტესტო გამოსვლებსაც ძველებურად ჩაახშობს.
მაგრამ დემონსტრანტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ სანამ უზენაეს ლიდერს ძალით არ დაამხობენ, პოსტიდან თავისი ნებით წავიდეს. ზოგიერთი ირანელი ანალიტიკოსის აზრით, თეოკრატიული რეჟიმის თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი, შესაძლოა, სწორედ იმაშია, რომ ინსაიდერებმა მოხუცი ლიდერი უკანა პლანზე გადასწიონ ან გადადგომაში დაარწმუნონ.
ისრაელის წყაროებმა ჟურნალისტებს შეატყობინეს, რომ ალი ჰამენეი თითქოსდა განიხილავს გეგმას – რუსეთში გაიქცეს და თავის მოსკოვს შეაფაროს. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია დონალდ ტრამპმაც გაიმეორა.
მაგრამ ამ ცნობის დაჯერება ძალიან რთულია: ირანის უზენაესი ლიდერის – რაქბარის – პოსტზე 37 წლიანი ყოფნის განმავლობაში ალი ჰამენეის ქვეყანა არცერთხელ არ დაუტოვებია და ამის სურვილიც არ გამოუხატავს. იგი მხდალი და მშიშარა ნამდვილად არ არის: უამრავი პატიმრობა და წამება გადაიტანა შაჰის ხელისუფლების დროს, იგი ნახევრად პარალიზებულიც კი იყო, ანუ აიათოლა მზად არის გაჭირვებას შეხვდეს, იგი გამსჭვალულია მოწამეობის შიიტური იდეოლოგიით.
უფრო იოლია იმის დაჯერება, რომ იგი კვდება, ვიდრე იმისა, რომ ქვეყნიდან გაქცევა აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთი ხმები ვრცელდება, მაინც რაღაცას ნიშნავს.
ორი საყურადღებო სიმპტომი
ირანელებს რომ უყურებ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ „ჰაერში ცვლილებების სუნი ტრიალებს“, მაგრამ ეს შეიძლება გარდაუვალი არ იყოს. დიახ, ქუჩის საპროტესტო გამოსვლები ძლიერი სიმბოლოა და ცვლილებების მომასწავებელია, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ხელშია ზემოქმედების რეალური ბერკეტები.
იარაღიანი და ფულიანი ადამიანები – ანუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები – ძველებურად მტკიცედ დგანან თეოკრატიული რეჟიმის სადარაჯოზე და მის მიტოვებას არ აპირებენ. თვითონ ალი ჰამენეიც არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ნებით ჩაბარდება – მას ადრეც აქვს ჩახშობილი ბევრი მსგავსი აჯანყება. თუ ისინი კუთხეში აღმოჩნდებიან მიმწყვდეულნი, ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, პროტესტანტების მოსაკლავად იარაღს გამოიყენებენ.
საერთოდ, ცნობილია, რომ რევოლუცის მოახლოების გამოსაცნობად ორი ძირითადი ნიშნის არსებობაა აუცილებელი.
პირველი: როცა სპეცსამსახურები, პოლიცია და არმია – ირანის შემთხვევაში „გუშაგების“ დაზვერვა და სახმელეთო ჯარები – უარს აცხადებენ ბრძანების შესრულებაზე მომიტინგეთა აქციების ჩახშობის მიზნით და მათ მხარეზე მასობრივად გადადიან;
მეორე – როცა მმართველთა ზედაფენაში ღრმა განხეთქილება ჩნდება და მინისტრები და მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დედაქალაქიდან ნელ-ნელა „ქრებიან“ – ქვეყნიდან გასვლას ცდილობენ ან მასობრივად უერთდებიან მომიტინგეებს.
და რა მოხდება შემდეგ, ამის გასაგებად ბევრი კითხვა იბადება: შეიძლება თუ არა ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ირანში დემოკრატიის დამყარება? შეუძლიათ თუ არა ირანის რეჟიმის ინსაიდერებს, ნიკოლას მადუროს მაგალითით გამხნევებულებს, მოხუცი აიათოლას დატყვევება, რომ ამერიკელებიც დაამშვიდონ, ირანული საზოგადოებაც და იმავდროულად, საკუთარი „ტყავებიც დაუხევლად“ გადაარჩინონ? დაარტყამს თუ არა ისევ ირანს ისრაელი? რამდენად შესაძლებელია ირანში სამოქალაქო ომის დაწყება?
სიმართლე ისაა, რომელიც არავინ არ იცის. მაგრამ ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის, როგორიც ირანია, ამჟამინდელი სავარაუდო რევოლუციის შედეგები უეჭველად ისეთივე ექსტრაორდინარული იქნება, როგორიც 47 წლის წინ მომხდარს მოჰყვა.