
დროებითი საგამოძიებო კომისიის შემდეგ სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის, ნათია მოგელაძისა და ლევან გაჩეჩილაძის მოსმენა იგეგმება
2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე სავარაუდოდ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს მოუსმენენ. ამის შესახებ კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, პარასკევს სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობა, ხოლო აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხს შემდეგ კვირაში განიხილავენ.
„სხდომის პირველი ნაწილების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, უკვე საჭიროება იკვეთება, რომ პარასკევის სხდომა კონკრეტული პირების მოსმენით გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, არ იგულისხმება უწყებები, არამედ იგულისხმებიან კონკრეტული პირები, რომლებიც 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოს მართავდა ან მართვაში მონაწილეობდა. დღეს სხდომის მეორე ნაწილი რომ დასრულდება, კომისიის წევრები სათათბიროში შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ თემაზე, პარასკევის სხდომაზე მოვიწვიოთ თუ არა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. კომისიის წევრები თუ ასეთ გადაწყვეტილებას გაიზიარებენ, ის პარასკევის სხდომაზე იქნება დაბარებული. ასევე მოვიწვიოთ თუ არა ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მართავდა პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს. სწორედ მასთან არის დაკავშირებული ყველა ის ჯარიმა თუ დამამცირებელი პროცედურა, რომელსაც მაშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინააღმდეგ ახორციელებდა. მასთან არის დაკავშირებული ე.წ. თეფშების დაპატიმრების პროცესი და სხვა მრავალი მსგავსი გადაწყვეტილება თუ ქმედება.
არ არის გამორიცხული, პარასკევის სხდომაზევე მოსვლა ვთხოვოთ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური მოჰპარეს, მეორე ადგილზე გასული კანდიდატი იყო. თავის დროზე არაერთი ობიექტური დამკვირვებელი თვლიდა, რომ მეორე ტური მოპარული იყო. გვინდა, რომ პარასკევის სხდომა 2003-2012 წლების არჩევნებს მივუძღვნათ, რადგან კომისია თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს დასკვნაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სწორედ არჩევნების საკითხს დაეთმოს. გვაინტერესებს, 2004 წელს, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ცესკო-მ ისე შეაჯამა არჩევნები, რომ ორ საარჩევნო ოლქში არჩევნების ჩატარება საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ. ეს არის ხულო და ქობულეთი, 60 ათასი ამომრჩვეელი ხმის უფლების გარეშე დატოვეს. ეს 2004 წლის მარტ-აპრილში მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა არჩევნების შედეგები მაინც შეაჯამა. წარმოგიდგენიათ, ეს რომ 2024 წელს მომხდარიყო, რა ვითარება იქნებოდა? ამიტომ გვაინტერესებს, როგორ მოვიდა რეჟიმი ხელისუფლების სათავეში, რომლის შეფასებაც საგამოძიებო კომისიას საქართველოს პარლამენტმა დაგვავალა. ამიტომ, პარასკევის სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხს დაეთმობა. სავარაუდოდ მოწვეული იქნებიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე, ხოლო ბათუ ქუთელია და სხვა პირები, რომელთა გვარი და სახელები დღეს სხდომის პირველ ნაწილში აგვისტოს ომის კონტექსტში იყო მოხსენიებული, ეს მომავალი კვირის სამუშაო თემა იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.