
“დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ქორწილში მიწვევაზე და ვენეციაში არ გაემგზავრება”-The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება ცნობილი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის ქორწილთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ქორწილში მიწვევაზე და ვენეციაში არ გაემგზავრება“ (ავტორი – დევიდ მილუორდი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა უარი თქვა ჯეფ ბეზოსის ქორწილში მიპატიჟება-მონაწილეობაზე, რომელსაც ცნობილი ბიზნესმენი, კომპანია „ამაზონის“ დამაარსებელი და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი ვენეციაში იხდის.
როგორც იტყობინებიან, ჯეფ ბეზოსი ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის კეთილგანწყობა დაიმსახუროს და ილონ მასკის წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული „უპირველესი მეგობრის“ ვაკანტური ადგილი დაიკავოს.
The Wall Street Journal-მა (WSJ) გაავრცელა ცნობა, რომ 61 წლის ჯეფ ბეზოსი, რომელიც თავის სამდღიან დიდებულ ქორწილს აწყობს ვენეციაში (იგი ცოლად ირთავს ცნობილ ჟურნალისტს ლორენ სანჩესს), ორჯერ ელაპარაკა მისტერ დონალდ ტრამპს ბოლო კვირაში.
თეთრი სახლის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ჯეფ ბეზოსისაგან ქორწილში მიწვევა მართლაც არის მიღებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ვენეციაში ვერ გაემგზავრება მოუცლელობისა და მჭიდრო სამუშაო გრაფიკის გამო.
ასევე მოსალოდნელია, რომ ქორწილს დაესწრება დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა (პირველი ცოლისგან), ქმართან – ჯერად კუშნერთან ერთად: ლორენ სანჩესი ივანკას ახლო მეგობარია. ქორწილში გაემგზავრება აგრეთვე დონალ ტრამპ-უმცროსი, პრეზიდენტის უფროსი ვაჟი.
ქორწილის გადახდა სურვილის მიხედვით ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა: როგორც გაზეთ „დეილი მეილს“ აცნობეს, სინამდვილეში ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი საკმაო ხნის შეუღლებულები არიან, აშშ-ის კანონების შესაბამისად, თუმცა ეს ფარულად მოხდა და არ გამჟღავნებულა.
როგორ გადაიქცა ტრამპის მოწინააღმდეგე ტრამპისტად
2019 წელს დონალდ ტრამპი, რომელიც იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი იყო პირველი ვადით, მწარედ გაეხუმრა მისტერ ბეზოსს და მას “Jeff Bozo”უწოდა, მისი გაზეთის – „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ დაკავებული [ანტიტრამპისტული] პოზიციის გამო.
თუმცა მოგვიანებით, უკვე 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაზეთმა მხარი არ დაუჭირა კამალა ჰარისს და ამით ის ლიბერალური ტრადიცია დაარღვია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული.
თებერვალში „ვაშინგტონ პოსტმა“ უარი განაცხადა იმ რეკლამის გამოქვეყნებაზე, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაცია იყო გაკრიტიკებული: მასში კითხვა იყო დასმული – „ვინ მართავს ამერიკას – დონალდ ტრამპი თუ ილონ მასკი?“.
როგორც დღეისათვის ჩანს, მისტერ ჯეფ ბეზოსს სურს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის მომხდარი განხეთქილება, რომელიც გასულ თვეში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი თავისი კომპანიის SpaceX-ისკოსმოსური პროგრამის შეწყვეტით დაიმუქრა, რომელიც NASA-სთან თანამშრმლობს, ჯეფ ბეზოს კი მსგავსი კომპანია აქვს – Blue Origin, რომელსაც SpaceX-ის ჩანაცვლება შეუძლია. როგორც ცნობილია, აშშ-ის აეროკოსმოსურმა უწყებამ რუსული კოსმოსური ხომალდების გამოყენება შეწყვიტა და ილონ მასკის ხომალდებზეა დამოკიდებული, რომ დედამიწის ორბიტაზე არსებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ამერიკელი ასტრონავტები მიიყვანოს. ამიტომ NASA-სთვის SpaceX-ის ჩანაცვლება კარგი ალტერნატივა იქნებოდა.
ქორწილი და პროტესტები ვენეციაში
იტალიელები (ვენეციელები) მილიარდერის სამდღიანი დროსტარების წინააღმდეგნი არიან იმ დროს, როცა მსოფლიოში დიდი უბედურებები ხდება. ორგანიზაცია Extinction Rebellion-მა ქალაქის ცენტრში, სან მარკოს მოედანზე საპროტესტო აქცია მოაწყო. იტალიელებს არ მოსწონთ, რომ ჯეფ ბაზოსი დონალდ ტრამპთან თავისი კავშირებით სარგებლობს და თავისი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობს. ისინი თვლიან, რომ ვენეციის ექსპლუატაცია – როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების გართობის ობიექტად გამოყენება – დაუშვებელია.
ხუთშაბათს მადონა დელ ორტოს ეკლესიასთან, სადაც საქორწინო ღონისძიებები უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს – კარაბინერების ქვედანაყოფი განლაგდა. გადაკეტილია ხიდიც, რომელიც ეკლესიასთან მდებარეობს, დადგმულია დამცავი ფარები, რომ დემონსტრანტებმა გავლა ვერ შეძლონ. აკრძალულია დრონების გამოყენებაც. აკრძალვა ვრცელდება ახლოს მდებარე ისტორიულ ებრაულ კვარტალზეც.
მოამზადა სიმონ კილაძემ