დონალდ ტრამპმა ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება -ირაკლი კირცხალია
კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებები საქართველოს ჭრილში რომ განვიხილოთ, არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, არამედ შეურაცხმყოფელია, რადგან ქვეყნის შიდა საქმეებში არათუ ერევიან, არამედ პირდაპირ ჩართულები არიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უსამართლო დამოკიდებულება საკუთარ თავზე გამოსცადა.
„რა ხდება უკრაინაში და რა პოლიტიკით დაიგეგმა ის ყველაფერი, რა დღეშიც ეს ქვეყანაა? მათმა ჩარევამ ეს ქვეყანა სადამდე მიიყვანა, ვხედავთ. დონალდ ტრამპმა ნიღაბი ჩამოხსნა დიდ სქემას, იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს. უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც იღვიძებენ და საზოგადოება ხმას იმაღლებს. რასაც ბრიუსელიდან ვხედავთ, საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ. ამას დონალდ ტრამპი რეალისტურად აფასებს და მას ვეთანხმებით. მოლდოვას საქართველოს ადარებთ? – ჩვეულებრივი მარიონეტია. არჩევნებს, დემოკრატიისა და კორუფციის ინდექსებს გადახედეთ. მოლდოვა საქართველოსთან რა მოსატანია? უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და მათივე პროქსი პოლიტიკის მატარებლები რა განცხადებებს აკეთებენ, ვხედავთ. ომში ჩართვაზე არანაკლებ სიტუაციაშია მოლდოვა ყველა მხრივ”, – განაცხადა კირცხალიამ.
ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: „ურყევად ვუჭერთ მხარს უკრაინას, მიზანია ძლიერი უკრაინა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან”.