
დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს – The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 15 მაისის ნომერში რუბრიკით „რედაქციის ხედვა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს“.
პუბლიკაციაში ნათქვამია:
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ბოლო დროს შეთანხმებები გააფორმა დიდ ბრიტანეთთან, ჩინეთთან და ახლა საუდის არაბეთთან და ყატართან, იგი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რომელიც ეჭვებს აჩენს მისი გამოცდილების მიმართ გარიგებების დადების საკითხში.
დღეს, 15 მაისს, უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები სტამბოლში ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. მანამდე კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, მაგრამ არა რომელიმე დაბალი რანგის მქონე ჩინოვნიკს. უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინები არ გამართლდა – ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ გაემგზავრა და თურქეთში თავისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი გაგზავნა. სწორედ ის არის კრემლის დელეგაციის ხელმძღვანელი.
დონალდ ტრამპმა, სანამ ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში ვიზიტით წავიდოდა, მანამდე განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში ჩასვლას დააპირებდა, თვითონაც შეცვლიდა ვიზიტის მარშრუტს და შეიძლებოდა რუს ლიდერს სტამბოლში შეხვედროდა. სამწუხაროდ, ტრამპის მოლოდინი არ გამართლდა.
აშშ-ის პრეზიდენტს ისღა დარჩენია, რომ მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. დონალდ ტრამპს ასევე მოუწევს იმავდროულად ევროპელთა მოქმედების კოორდინაციაც მოახდინოს, რომელიც დღეისათვის საკმაოდ დეზორგანიზებულია: პარიზი, ლონდონი და ბერლინი მოსკოვის მიმართ სასურველ მიზანს ვერ აღწევენ.
მისტერ დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, თანდათან აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ უნდა ენდოს და რომ ზეწოლა მშვიდობის დამყარებისათვის კიევზე კი არ უნდა მოახდინოს, არამედ მოსკოვზე. სამწუხაროდ, აშშ-ის ლიდერმა მმართველობის პირველ დღეებში საშიში შეცდომები დაუშვა. შესაბამისად, ახლა მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინს სხვა არჩევანი არ ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს წაყენებულ პირობებს და უსამართლო ომი შეწყვიტოს.
გასაგებია, რომ ევროპელები ცდილობენ რუსეთის შეკავებას, მაგრამ ისინი ძალიან დაყოვნებით მოქმედებენ რუსეთთან ჯერ კიდევ შემორჩენილი ეკონომიკური კავშირების გასაწყვეტად. გარდა ამისა, მათ მათ შიდა პრობლემებიც აქვთ – ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ანტირუსული პოლიტიკის გატარებას ეურჩება. შესაბამისად, რადგან ახალ მასშტაბურ სანქციებს კონსენსუსი ჭირდება, ისინი მიღებული არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს რუსეთთან მიმართებით ამერიკის დახმარება ჭირდებათ – უიმისოდ ევროკავშირის ნაბიჯები რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი არ იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირება, რომ 2027 წლისათვის ევროკავშირის რუსული მილსადენური გაზის იმპორტს მთლიანად შეწყვეტსო, შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს.
ექნება თუ არა დონალდ ტრამპს ამ ამოცანის შესრულების სურვილი, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამასთან, აშკარაა, რომ ევროკავშირი უუნარო და სუსტია, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად რაღაც შეცვალოს. უკრაინას აშშ-ის და კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერა ჭირდება, თუ ჩვენ სასურველი შედეგის მიღება გვსურს.