1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპის თამაში რუსეთთან
დონალდ ტრამპის თამაში რუსეთთან

დონალდ ტრამპის თამაში რუსეთთან

761
0

დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან შოკი იყო ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის. აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტერ ჰეგსეტის განცხადებებმა, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში და რომ 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება არარეალურია, ბევრი კომენტარი გამოიწვია, რომ ტრამპმა უღალატა უკრაინას და დემოკრატიის ღირებულებებს.

თუმცა, ჯერ ნაადრევია ტრამპის განზრახვების შესახებ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებით დაემუქრა, თუ ის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე არ დათანხმდებოდა და განაცხადა, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობდა მშვიდობის მიღწევას. ტრამპს იმედი ჰქონდა ჩინეთთან დიდი გარიგების დადებაზე და სი ძინპინთან ერთად რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ.

საიდუმლო დიპლომატიის დეტალები ჩვენი ყურადღებისგან იმალება, მაგრამ ტრამპის რიტორიკის მკვეთრი ცვლილება იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა ჩინეთთან შეთანხმების მიღწევა. ტრამპი დაუბრუნდა თავის იდეას, რომლის განხორციელებას პირველი ვადის განმავლობაში ცდილობდა – რუსეთის და ჩინეთის დაპირისპირებას. რუსეთთან „მეგობრობის“ ილუზიის შექმნით, ტრამპი ახდენს ზეწოლას ჩინეთის ხელმძღვანელობაზე. ტრამპის ახალ „სამშვიდობო გეგმას“ სი ძინპინისთვის ადგილი არ აქვს. ისე ჩანს, რომ ტრამპი და პუტინი გამართავენ პერსონალური შეხვედრების სერიას და მთელ მსოფლიოს გაიყოფენ ისე, რომ არც ჩინეთს და არც ევროკავშირს აზრი არ ჰკითხონ.

ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთ აღშფოთებას ღიად გამოხატავენ. ჩინეთი ვითომ არ იმჩნევს ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსის მკვეთრ ცვლილება, მაგრამ ჩინეთი ვერ დატოვებს ტრამპის საჭადრაკო ნაბიჯს უპასუხოდ. ჩინეთს არ შეუძლია დაუშვას რუსეთი კვლავ პროდასავლური ქვეყანა გახდეს და ევრაზიაში ჩინეთის საპირწონე როლი შეასრულოს.

რუსეთის ჩინეთისგან „მოწყვეტის“ და შეერთებული შტატების მოკავშირედ გახდომის იდეა დონალდ ტრამპს კი არ ეკუთვნის, არამედ აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰენრი კისინჯერს. გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰენრი კისინჯერმა და აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა განახორციელეს აშშ-სა და ჩინეთს შორის სსრკ-ს წინააღმდეგ თანამშრომლობის იდეა. მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, კისინჯერმა შესთავაზა ძველი ხრიკის გამეორება, მაგრამ ქვეყნების შეცვლით – შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ალიანსის შექმნა ზედმეტად ამბიციური ჩინეთის წინააღმდეგ.

კისინჯერის იდეაში არის სტრატეგიული გათვლა. 1970-იან წლებში ჩინეთი სსრკ-ზე ბევრად სუსტი იყო ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც და სჭირდებოდა დასავლური ინვესტიციები. სსრკ-ს ძლიერ მოწინააღმდეგესთან, შეერთებულ შტატებთან, ალიანსი ჩინეთისთვის ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

დღეს რუსეთი ეკონომიკურად ჩინეთზე ბევრად სუსტია. უფრო მეტიც, რუსეთი ეკონომიკურად გახდა ჩინეთზე დამოკიდებული, ხოლო მსოფლიო ბაზრებზე პოზიციები დაკარგა. რუსეთს ბირთვული იარაღი მეტი აქვს ვიდრე ჩინეთს, მაგრამ რაც შეეხება ჩვეულებრივ იარაღს, ჩინეთის 5-მილიონიან ჯარს შეუძლია სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთს სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.

სანქციებით დასუსტებულ რუსეთის ეკონომიკას სჭირდება უცხოური ინვესტიციები და გლობალურ ბაზრებზე წვდომა. შეერთებულ შტატებთან ალიანსი შეიძლება იყოს ისეთივე წარმატებული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთისთვის, როგორც გასულ საუკუნეში მაო ძედუნის გადაწყვეტილება დამეგობრებულიყო შეერთებულ შტატებთან სსრკ-ს წინააღმდეგ.

შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ჰენრი კისინჯერის იდეის განხორციელებას, ჯერ კიდევ ღია საკითხია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ტრამპის ყველა დიპლომატიური ინიციატივის მთავარი მიზანი ჩინეთის დასუსტებაა. უკრაინის ომის შესახებ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ ერთ-ერთი ბერკეტია, რომელსაც ტრამპი იყენებს გეოპოლიტიკური ბალანსის შესაცვლელად შეერთებული შტატების სასარგებლოდ.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი