“დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებით ზეწოლის გამო უკრაინა იძულებულია პრიორიტეტი მიანიჭოს უსაფრთხოების გარანტიებს და არა ტერიტორიულ საკითხს” -The New York Times
„ტერიტორიის საკითხს კიევისათვის განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის მაინც მეორე ხარისხოვანია. მთავარია, როგორი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები მოლაპარაკების შემდგომ პერიოდში“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებით ზეწოლის გამო უკრაინა იძულებულია პრიორიტეტი მიანიჭოს უსაფრთხოების გარანტიებს და არა ტერიტორიულ საკითხს“ (ავტორი – ენდრიუ კრამერი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში უკრაინისათვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, არამედ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მისი როგორც სახელმწიფოს მომავალი არსებობისათვის. ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ორ უკრაინელ მაღალჩინოსანთან საუბრის შედეგად, – წერს ავტორი.
ჟურნალისტთან მოსაუბრე ანონიმი პირების თქმით, უკრაინის ტერიტორიის საზღვრები, ალბათ, როგორც ჩანს, განპირობებული იქნება საომარი მოქმედებებით (თუ რა წარმატებას მიაღწევს რუსული მხარე – კიდევ რომელ ქალაქებს დაიკავებს), ხოლო ქვეყნის ინტერესების დაცვა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გარანტიები იქნება ცეცხლის შეწყვეტის საიმედოობისათვის.
„ტერიტორიულ საკითხს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის მაინც მეორე ხარისხოვანია. უპირველესი საკითხია ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები“, – ციტირებს ავტორი ენდრიუ კრამერი ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის ნათქვამს, რომელიც ითხოვს, რომ მისი გვარი საჯაროდ არ დასახელდეს, იგი ანონიმად დარჩენას ამჯობინებს.
თუმცა ის, რომ სავარაუდო მოლაპარაკება „გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს“, გაზეთს უთხრა ვერხოვნა რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კოსტენკომაც.: „ამჟამად უკრაინისათვის მნიშვნელობა აქვს სწორედ უსაფრთხოების გარანტიებს და სხვას არაფერს“, – ამბობს დეპუტატი და ხაზს უსვამს, რომ კიევი იმავდროულად ოფიციალურად უარს არ აცხადებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.
კიევისათვის ასევე მნიშვნელობა აქვს ბუფერული ზონის ფართობს (სიგრძე-სიგანეს) და ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობას.
ანონიმი უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, კიევი ყურადღებას მიაქცევს იმ საკითხსაც, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროს დადგენილმა [სადემარკაციო] ხაზმა ხელი არ შეუშალოს ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას – მაგალითად, ინვესტიციების ჩადებას, ანუ ცეცხლის შეწყვეტა საიმედო უნდა იყოს, რათა ზოგიერთ ფრონტისპირა რეგიონში რაიმე გართულებები არ მოხდეს. გარდა ამისა, მოლაპარაკების დროს არმიებს შორის დემილიტარიზებული (ბუფერული) ზონის სიგანის განსაზღვრაც საკვანძო მომენტი იქნება.
როგორც გაზეთის სტატიის ავტორი წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ სამშვიდობო დარეგულირების არცერთ ვარიანტში მტერს ერთ გოჯ უკრაინულ მიწას არ დაუთმობდნენ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, რომელიც მხარს უჭერს მოლაპარაკების რაც შეიძლება სწრაფად გამართვას, კიევმა თავისი პრიორიტეტები შეცვალა და ახლა უფრო მეტად აქცენტი უსაფრთხოების გარანტიებზე გადააქვს – იმის გათვალისწინებით, თუ სად და რომელი რეგიონების ტერიტორიაზე გატარდება ცეცხლის შეწყვეტის ხაზი.
მოამზადა სიმონ კილაძემ