1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დონალდ ტრამპის ეკონომიკური თამაშების მიმართ სი ძინპინს საპასუხო ზომების გეგმა აქვს მომზადებული”-Financial Times
“დონალდ ტრამპის ეკონომიკური თამაშების მიმართ სი ძინპინს საპასუხო ზომების გეგმა აქვს მომზადებული”-Financial Times

“დონალდ ტრამპის ეკონომიკური თამაშების მიმართ სი ძინპინს საპასუხო ზომების გეგმა აქვს მომზადებული”-Financial Times

628
0

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 7 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის ეკონომიკური თამაშების მიმართ სი ძინპინს საპასუხო ზომების გეგმა აქვს მომზადებული“ (ავტორი – ევან მედეიროსი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა დონალდ ტრამპის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ გაურკვევლობითა და წინააღმდეგობრივად ხასიათდება, სი ძინპინის სტრატეგია აშშ-ის მიმართ გაბედულად და მკაფიოდ უნდა ჩავთვალოთ. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მიდგომა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისადმი არავისთვის საიდუმლო არ არის – პეკინმა არჩევნების შემდეგ საკმაოდ ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია და სავარაუდო საპასუხო ზომები თეთრი სახლის მოსალოდნელი ნაბიჯების წინააღმდეგ.

სი ძინპინი არამარტო რეაგირების მოხდენას გეგმავს, არამედ თვითონ დონალდ ტრამპის მოქმედებით სარგებლობასაც. ბევრს ემახსოვრება, რომ დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს პეკინი მთელი ძალისხმევით, მაგრამ მაინც ძლივძლივობით ცდილობდა ვაშინგტონის ნაბიჯებზე რეაგირებას, ახლა კი ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს „სისუსტის“ განმეორება არ დაუშვას: სი ძინპინი კარგად მოემზადა „მკლავჭიდისათვის“ და ამ მხრივ მინიშნებებს აკეთებს.

ჩინელი ანალიტიკოსების უმრავლესობისათვის მოულოდნელი არ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა – პეკინელმა პოლიტოლოგებმა თეთრ სახლში მისი დაბრუნება პოპულიზმისა და ნაციონალიზმის გლობალურ ტალღას დაუკავშირეს. ჩინეთი თვლის, რომ ახლა მან – პეკინმა – კარგად იცის, თუ თამაშის როგორი წესებით ხელმძღვანელობს დონალდ ტრამპი და შესაბამისად, როგორ შეუძლია თავისი ადმინისტრაციით მანიპულირება. ჩინეთის რწმენა ემყარება დასკვნას – სხვა საქმეა, ზუსტია თუ არა – რომ 2025 წლის ჩინეთი ძალიან განსხვავდება 2017 წლის ჩინეთისაგან – ისევე როგორც აშშ და მსოფლიო მთლიანობაში.

ჩინელების მტკიცებით, მათი ლიდერი სი ძინპინი პოლიტიკურად დონალდ ტრამპზე უფრო ძლიერია, ხოლო მათი ეკონომიკა – უფრო მდგრადი, გარკვეული გამოწვევების მიუხედავად. ამერიკული ეკონომიკა მყიფეა, პოლიტიკა კი დარღვეულ-დანაწევრებული. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით პეკინი თვლის, რომ აშშ-ის დიპლომატია და საგარეო პოლიტიკური გავლენა გლობალურ სამხრეთზე და აზიაზე სულ უფრო მცირდება, ხოლო მათი ნდობა და მხარდაჭერა ჩინეთის კონცეფციის მიმართ პირიქით, სულ უფრო მატულობს. 

სი ძინპინმა უკვე მიანიშნა, რომ მისი დამოკიდებულება დონალდ ტრამპისადმი მხოლოდ სუფთა საქმიან მიდგომას წარმოადგენს – დონ კარლეონეს მსგავსად [მოქმედებს ტრადიციული სტილით, მაგრამ განსაზღვრულ ჩარჩოებში]. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ, იგი პირადად მხარს არ დაუჭერს დონალდ ტრამპს და საპასუხო მკაცრ ზომებს სწრაფად მიიღებს, ზემოქმედების ბერკეტების შესაქმნელად (პეკინმა ფაქტობრივად უარყო მიწვევა ტრამპის იანუგურაციაზე), მეორე მხრივ, პეკინი გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს, რომ სურს დიალოგი და ღიაა გარიგებების დასადებად, მაგრამ პრინციპულად თავს აარიდებს მისთვის მიუღებელ წინადადებას, თუნდაც გარეგნულად მომგებიანს. ჩინეთის ხელმძღვანელობა აცნობიერებს იმას, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ახლო მომავალში პოზიციას არ შეიცვლიან და კვლავ მტრულად იქნებიან განწყობილნი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სი ძინპინი უარს არ იტყვის დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებაზე – მას შესვენება (სულის მოთქმა) ჭირდება, რომ თავისი ძალების მობილიზება მოახდინოს გრძელვადიანი კონკურენციისათვის. რა თქმა უნდა, პარალელურად გაგრძელდება კლასიკური დაპირისპირება: პეკინი ძველებურად შეშფოთებული იქნება იმით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეწყვეტს  მცდელობას ჩინეთში კომუნისტური ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ასევე არ შეწყვეტს ტაივანის მხარდაჭერას – ჩინეთის დესტაბილიზაციისა და შეკავების კონტექსტში.

ბუნებრივია, ჩინეთს აქვს თავისი „წითელი ხაზები“ აშშ-სთან მიმართებით, რომელიც სი ძინპინმა მონიშნა ნოემბერში ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს, პერუში. ეს იყო მკაფიო სიგნალი  დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისათვის.

დონალდ ტრამპის ნაბიჯების „გასანეიტრალებლად“ პეკინის სტრატეგია სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: საპასუხო ზომები, ადაპტაცია და დივერსიფიკაცია. აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის მოსაგერიებლად, პეკინმა ბოლო წლებში ზომები მიიღო ექსპორტის გასაკონტროლებლად, განახორციელა [ანტიამერიკული] საინვესტიციო შეზღუდვები და დაიწყო ამერიკული კომპანიების საქმიანობის გამოძიება. რასაკვირველია, პეკინს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების მომატებას იგივე მოქმედებით უპასუხოს, მაგრამ პეკინი შეეცდება სხვა სფეროებში ამერიკას მაქსიმალური ტკივილი მიაყენოს. ჩინეთისათვის საპასუხო ზომების მიღების უუნარობის აღიარება წარმოუდგენელია – ჯერ ერთი, რომ ეს ქვეყნის შიგნით რეჟიმის სისუსტედ იქნება აღქმული და მეორე – ამით ხომ დონალდ ტრამპი წახალისდება.

შეიძლება ითქვას, რომ პროცესები უკვე დაიწყო:

ა) საპასუხო ზომები: 2024 წლის ბოლოს პეკინმა დაბლოკა აშშ-ში მნიშვნელოვანი წიაღისეული მინერალების ექსპორტი, რომლებიც ჩიპების (ინტეგრალური მიკროსქემების) წარმოებისათვის გამოიყენება, შეამცირა დრონებისათვის აუცილებელი დეტალების მიწოდება და დაიმუქრა, რომ „შავ სიაში“ შეიტანდა ცნობილ ამერიკულ კომპანიებს (მაგალითად, ტანსაცმლის წარმოებაში) და ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო  ამერიკული მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის Nvidia-ს მიმართ. ასეთი მოქმედებით პეკინი წინასწარ აჩვენებს თავის შესაძლებლობას და სამომავლოდ კოზირებს აგროვებს;

ბ) ადაპტაცია – 2023 წლის შემოდგომიდან პეკინი შეუდგა აქტიურ საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სტიმულირებას ჯერ საწარმოების, ახლა კი მომხმარებლის დასახმარებლად. საფინანსო პოლიტიკის ასეთ ცვლილებას დადებითი და შეიძლება ითქვას, ჩინეთისათვის საკმაოდ უჩვეულო შედეგები მოაქვს. ეს უკიდურესად აუცილებელი იყო, მისი მასშტაბები და მიმართულებები სავაჭრო ომის გათვალისწინებით შემუშავდა.

გ) დივერსიფიკაცია – სტრატეგიის ამ ნაწილში იგულისხმება ეკონომიკური კავშირების გაფართოება მსოფლიოში. პეკინი განიხილავს სავაჭრო ტარიფების ცალმხრივ შემცირებას იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებზეც აშშ-ის გავლენა ნაკლებად იგრძნობა. პერუში ვიზიტის დროს სი ძინპინმა გახსნა ღრმაწყლიანი ნავსადგური, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა ლათინური ამერიკასთან – კონტინენტთან, რომელიც საკვანძო წყაროა ჩინეთისათვის როგორც სურსათის, ასევე ენერგიისა და სასარგებლო წიაღისეულის სფეროში, აშშ-ის გავლენის არეალის მიღმა. 2024 წლის დასასრულს სი ძინპინმა ასევე პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელთა შეხვედრაში. მისი გამოსვლის დედააზრი მკაფიო და ნათელია: ჩინეთი არის და იქნება ისეთი წამყვანი ძალა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას, აყვავებას, ღია ეკონომიკურ სისტემას და გამოდის ყველა სახის პროტექციონიზმის წინააღმდეგ.

რასაკვირველია, ბევრი რამ შეიძლება ზუსტად ასეთნაირად არ მოხდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სი ძინპინის დამაჯერებლობა არანაირად არ ჩამორჩება დონალდ ტრამპის გუნდის რწმენას და იდეებს. ორივე მხარე თვლის, რომ უპირატესობა მათ მხარეზეა და რომ შეუძლიათ დიდ ხარჯებზე წასვლა, აიტანენ და გაუმკლავდებიან ეკონომიკური კონფრონტაციის თანმდევ „ტკივილებს“. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ქმნის რთულ და ზოგჯერ მადესტაბილიზებელ წინამძღვრებსაც, რომლებმაც სამომავლოდ შეიძლება კონფლიქტის შეწყვეტაც (ან შესუსტება) გამოიწვიოს. თუმცა ეს ეხება მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს და არა ვთქვათ, ტაივანს და სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიას, ან ბირთვული ძალების მოდერნიზების პროცესს… მოკლედ, ცივი ომი გაგრძელდება, თუმცა საკმაოდ უჩვეულოდ, ადრინდელთან შედარებით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: