1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა – ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის”-The Daily Telegraph
“დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა – ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის”-The Daily Telegraph

“დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა – ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის”-The Daily Telegraph

98
0

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა – ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის” (ავტორი – რობ კრილი, კორესპონდენტი აშშ-ში). „რუსეთის პრეზიდენტს თავისი მოთხოვნები აქვს და თუ ისინი არ შესრულდება, ომი გაგრძელდება“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ, პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის თითქმის ოთხწლიანმა ომმა ოთხი სამშვიდობო გეგმა და წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების ოთხი წელი შეიწირა.
მაგრამ ღაზას სექტორში მიღწეული წარმატებებით გამხნევებულმა დონალდ ტრმპმა გასულ კვირაში ახალი ნაბიჯები გადადგა უკრაინის კონფლიქტის შესაწყვეტად და მეხუთე სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კლასიკური სტილით მოახდინა თავისი ხასიათის დემონსტრირება და უკრაინას მოკლევადიანი ულტიმატუმი წაუყენა გეგმაზე თანხმობისათვის.

ისევე როგორც ღაზას სამშვიდობო გეგმაში, უკრაინის სამშვიდობო გეგმაშიც ფიგურირებს „მსოფლიოს მშვიდობის საბჭო დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით“, ტყვეების გაცვლა და ეკონომიკის აღდგენის გლობალური დაფინანსება.
მაგრამ ღაზას გეგმისაგან განსხვავებით, უკრაინის შემთხვევაში დონალდ ტრამპი ისეთი ლიდერის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც მზად არ არის მშვიდობისათვის. „არავითარი ნიშნები არ არის იმისა, რომ რუსეთს ზავი სურს“, – განაცხადა ამერიკულ NPR-ის (აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოს) ეთერში ბრიჯით ბრინკმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, – ამიტომაც ჩვენი პოზიცია, რომ მშვიდობას ნებისმიერი ფასად მივაღწიოთ, არასწორია. ასეთი გზით ნამდვილი მშვიდობა არ დამყარდება“.
ბოლო კვირის სამშვიდობო ძალისხმევასთან დაკავშირებული ამბები რამდენიმე დღის წინ გამომჟღავნდა, როცა მსოფლიომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის 28-პუნქტიანი გეგმის არსებობა გაიგო. დონალდ ტრამპმა დოკუმენტის პროექტს ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი – იგი ხომ თავისი სამშვიდობო საქმიანობისათვის ნობელის პრემიის მინიჭებას ელოდება.

გეგმამ უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების შოკი გამოიწვია: მათი განცხადებით, ამგვარი პირობების შეთავაზება რუსეთისთვის როგორც აგრესორისთვის ერთგვარ ჯილდოს წარმოადგენს.

დაიწყო გამალებული დიპლომატიური ფაციფუცი და მანევრები. ევროპელები და უკრაინელები ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ ტრამპის გეგმაში ცვლილებების შესატანად.

კიდევ უფრო მეტი ხმაური გამოიწვია ამერიკული სააგენტოს „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებულმა („გაჟონილმა“) სატელეფონო საუბარმა ტრამპის სპეცწარმომადგენელს, 68 წლის სტივ უიტკოფსა და პუტინის თანაშემწეს, 78 წლის იური უშაკოვს შორის, რომლის დროსაც უიტკოფმა რუს მაღალჩინოსანს რეკომენდაციები მისცა, თუ როგორ უნდა ელაპარაკოს პუტინი ტრამპს. „გაჟონილი“ საუბრებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ჩართული იყო 28-პუნქტიანი გეგმის შემუშავებაში.

რატომ მაინცდამაინც ახლა შემუშავდა გეგმა და ახლა მოხდა მისი „გაჟონვა“?

ტატიანა სტანოვაიას – კარნეგის ფონდის ბერლინის რუსულ-ევრაზიული კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელის აზრით, პირველი მიზეზი ისაა, რომ სტივ უიტკოფმა თავისი ყურადღება ღაზას სექტორიდან უკრაინაზე გადართო – მას მეტი დრო გამოუჩნდა მოსკოვ-კიევის ომის შეწყვეტაზე მუშაობისთვის. მეორე მიზეზს კი უკრაინაში შექმნილი სიტუაცია წარმოადგენს: კიევში გახმაურებული კორუფციული სკანდალი მოხდა, ფრონტზე კი მძიმე მდგომარეობაა. სწორედ ის დროა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებით კომპრომისზე დათანხმდეს.

მაგრამ რას აკეთებს ამ დროს კრემლი? ვლადიმერ პუტინი, პირიქით, ისევ და ისევ მინიშნებებს აკეთებს, რომ მისი მოთხოვნები კვლავ დღის წესრიგში რჩება: ტერიტორიების მიერთება (ანექსია), უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევა და ნატოს ნებისმიერი გაფართოების აკრძალვა. ეს მოთხოვნები თუ არ შესრულდება, ომი გაგრძელდება..

„ვლადიმერ პუტინის პოზიცია ასეთია: „ჩვენ მზად ვართ ომი თუნდაც ხვალვე შევწყვიტოთ, თუ უკრაინა ჩვენს ყველა მოთხოვნას მიიღებს. ამ საკითხში კომპრომისი არ გამოვა“.
და თუ არ გამოვა, ეს ნიშნავს რომ უკრაინისა და ღაზას მდგომარეობების შედარება მხოლოდ პირობითია.

„ჰამასი“ წელში გატეხილი და დამარცხებულია. ისრაელი ახლოსაა ამ ტერორისტული დაჯგუფების განადგურებასთან. პალესტინელებს დაბომბვების შეწყვეტა სურდათ, ისრაელელებს კი მძევლების დაბრუნება. და ამ ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დიდი ტექნიკური შეცდომა დაუშვა – დაარტყა კატარს, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. დონალდ ტრამპმა ისარგებლა ამ შემთხვევით, მიიღო ბერკეტი პრემიერზე ზეწოლის მოსახდენად და სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელი მოაწერინა.

ვოლოდიმირ ზელენსკის კი ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ აქვს მხარდაჭერა – იმის მიუხედავად, რომ მისი გარემოცვის წევრებმა მილიონობით დოლარი მოიპარეს ენერგეტიკის სექტორიდან. ანუ მას შეუძლია უკან არ დაიხიოს. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინიც, რომელიც იმ ლენინგრადში დაიბადა, რომელმაც გერმანიის ჯარების 900-დღიან ბლოკადას გაუძლო, მზად არის რომ ომი გააჭიანუროს მოწინააღმდეგის სრულ გამოფიტვამდე.

როგორც ორისია ლუცევიჩი – ლონდონის „ჩეთემ ჰაუსის“ რუსეთ-ევრაზიის პროგრამების დირექტორი ამბობს, 28-პუნქტიანი გეგმა „რუსების მიერ ოსტატურად შემუშავებული ოპერაციის“ ნაწილს წარმოადგენს, რომ კრემლს დრო მოეგო თავისი ჯარების წინსვლისათვის. „პუტინი ტრამპს ეთამაშება დროის მოსაგებად“, – დაწერა ლუცევიჩმა „იქს-ქსელში“, – „მისი მიზანია რაც შეიძლება შეარბილოს რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ შემოღებული ამერიკული სანქციების გავლენა“.
და ბოლოს, რას აკეთებს მოსკოვი?

კრემლმა სწრაფად უარყო ევროპული ქვეყნების ლიდერთა მიერ კორექტირებული ტრამპისეული გეგმა და მათ ყველას – უკრაინის ჩათვლით, მკაფიო პასუხი გასცა: უკრაინისაკენ გაუშვა 22 ბალისტიკური რაკეტა და 460 დრონი, რომლის შედეგად დაიღუპა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, დაინგრა და დაზიანდა სხვადასხვა ენერგეტიკული თუ სამხედრო ობიექტები. ეს იყო მეოთხე მასშტაბური შეტევა დრონებით მთელი ომის განმავლობაში.

წყარო: