1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დონალდ ტრამპი: “ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს – იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს”-The Daily Telegraph
“დონალდ ტრამპი: “ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს – იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს”-The Daily Telegraph

“დონალდ ტრამპი: “ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს – იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს”-The Daily Telegraph

78
0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 10 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპი: „ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს – იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს” (ავტორი – ჯო ბარნსი).

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა მიიღოს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა – იმიტომ, რომ რუსეთი ომში იმარჯვებს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ვარაუდობს, მისი „მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებისადმი განსხვავებულია ევროპელთა მიდგომისგან, რომლებიც კიევს ეხმარებიან იმისთვის, რომ ომი უკრაინელებმა მანამდე გააგრძელონ, სანამ საბოლოოდ არ დამარცხდებიან და რუსებს არ ჩაბარდებიან“.

ამერიკული გაზეთის „პოლიტიკოს“-თვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები სისუსტეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ არ შეუძლიათ სათანადოდ დაეხმარონ უკრაინას და ზოგიერთებს „ნამდვილი სულელებიც“ კი უწოდა. ამერიკელი ლიდერის აზრით, ლონდონი და პარიზი უკონტროლო მიგრაციით სრულიად შეიცვალნენ.

დონალდ ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპის მიმართ მას შემდეგ გაჟღერდა, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიმ სტარმერმა ორშაბათს თავისთან დაუნინგ-სტრიტზე მიიღო უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები – ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი – რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულების გზების ძიებასთან დაკავშირებით.

„რუსეთი იმარჯვებს – ასე იყო ყოველთვის. რუსეთი უფრო დიდი სახელმწიფოა და უფრო ძლიერიც“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში, – „მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ უკრაინელი ხალხისა და სამხედროების გმირობას, მაგრამ იცით, რაღაც მომენტში საბოლოოდ ძალა იმარჯვებს. შეხედეთ ციფრებს, უბრალოდ, ჭკუიდან შეიშლებით“.

კითხვაზე, „რა მოხდება, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი უარს იტყვის აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე“, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს საკუთარი თავი ხელში აიყვანოს და შედეგს შეურიგდეს. ვინც არ უნდა იყოს მის ადგილზე, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ომს აგებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ომს ვერ მოიგებს“.

დონალდ ტრამპის სიტყვები იმის დემონსტრირებაა, თუ რა რთული ამოცანის წინაშე დგანან უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ცდილობენ ვაშინგტონი დაარწმუნონ უკრაინისათვის შედარებით უფრო მომგებიანი გეგმის მიღებაში.

როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაოფიციალურ საინფორმაციო ომში იმარჯვებს, რომელიც მოსკოვსა და ბრიუსელს შორის მიმდინარეობს აშშ-ის პრეზიდენტზე გავლენის მოსაპოვებლად.

ზელენსკი და მისი ევროპელი მოკავშირეები ცდილობდნენ კონსტრუქციულად ემუშავათ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე, რომ არავის არ ეფიქრა, თითქოს ისინი არიან გარიგების მოწინააღმდეგეები. მაგრამ ახლა უკრაინელი ჩინოვნიკები შიშობენ, რომ კრემლი იმარჯვებს, ხოლო ევროპელი ლიდერები კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი მოსკოვს ზავის დადების მთავარ დამაბრკოლებლად გამოჰყავს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპელი ლიდერები აგრძელებენ უკრაინისადმი უმიზნო დახმარებას, რომ კიევმა მანამ იბრძოლოს, სანამ არ დამარცხდება და რუსებს არ ჩაბარდება. „მე ევროპელებთან ვმეგობრობ. ყველანი მომწონს. მე იქ ნამდვილი მტრები არ მყავს. სულ ორი თუ სამი ადამიანია, რომლებსაც ვერ ვეწყობი. ზოგადად, ევროპელების ახლანდელი გუნდი მომწონს, ზოგიერთები ჩემი მეგობრები არიან. ვიცნობ ცუდ ლიდერებსაც და კარგებსაც, ჭკვიანებსაც და სულელებსაც. ისინი თავიანთ საქმეს კარგად ვერ აკეთებენ. ევროპა ვერ უმკლავდება სიტუაციას. ევროპელი ლიდერები ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საქმეს ცოტას აკეთებენ. შეხედეთ, რა ხდება“.

ინტერვიუში პრეზიდენტის მიერ გამოთქმულმა სიტყვებმა დაადასტურა ის მზარდი დაძაბულობა, რომელიც უკრაინისაგან შორს, ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის არსებობს.

თეთრი სახლის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ გამოხატულია მოწოდება ევროპის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისაკენ – იმიტომ, რომ ევროპა ამერიკული სამშვიდობო წინადადებების ბლოკირებას ახდენს და რისკავს „გაანადგუროს ევროპული ცივილიზაცია არალეგალური იმიგრაციით და დაბალი შობადობით“.

„ევროპა დღეს სულ სხვა ადგილია“, – თქვა დონალდ ტრამპმა, როცა 33-გვერდიანი დოკუმენტის შესახებ კითხვას პასუხობდა, – „და თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორიც ახლაა, ევროპა აღარ იარსებებს… ჩემი აზრით, ბევრი ევროპული ქვეყანა სიცოცხლისუნარიანი არ იქნება.

„ევროპელების იმიგრაციული პოლიტიკა კატასტროფაა. ჩვენც ველოდებოდით იმიგრაციულ კატასტროფას, მაგრამ მე ის აღვკვეთე, [უბედურება] თავიდან ავიცილეთ… შეხედეთ პარიზს. მე მომწონს პარიზი, მაგრამ ის ისეთი აღარ არის, რაც ადრე იყო… თუ თქვენ ლონდონსაც შეხედავთ, დაინახავთ მერს, რომლის სახელია სადიკ ხანი [წარმოშობით პაკისტანელი]. იგი საშინელი მერია. იგი არაკომპეტენტურია, საზიზღარი მერი და, რა თქმა უნდა, საშინლად მუშაობს. (…) მე მიყვარს ლონდონი, მაგრამ ჩემთვის ძალზე არასასიამოვნოა იმის დანახვა, რაც იქ ხდება. თქვენ, ალბათ, იცით, რომ ჩემი ფესვები ევროპაშია“.

წყარო: