“დონალდ ტრამპი კრიზისულ სიტუაციაში საკუთარ თავს ძალიან ნეგატიურად ავლენს”-The New York Times
„აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავისი დაპირება რომ შეასრულოს უკრაინაში „მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებაზე“, მას მოუწევს კიევი დაარწმუნოს, რომ დამარცხებას შეურიგდეს“, – წერს ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) პუბლიკაციაში სათაურით „დონალდ ტრამპი კრიზისულ სიტუაციაში საკუთარ თავს ძალიან ნეგატიურად ავლენს“, რომელშიც რედაქტორის მოადგილე პატრიკ ჰილი აშშ-ის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და რისკებზე სამ ექსპერტს – პოლიტიკურ მიმომხილველებს – ესაუბრება: დევიდ ფრენჩს, ლიდია პოლგრინს და ბრეტ სტივენსს.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
– ჯო ბაიდენი რამდენიმე დღის შემდეგ აშშ-ის მართვის სადავეებს დონალდ ტრამპს გადასცემს, არჩეული პრეზიდენტი კი უკვე ფიქრობს გრენლანდიისა და პანამის არხის ხელში ჩაგდებას და არ მალავს, რომ შესაძლოა მან ტავისი მიზანი სამხედრო ძალის გამოყენებით განახორციელოს. მოკლედ, დონალდ ტრამპს საკუთარი წარმოდგენები აქვს აშშ-ის როლსა და ადგილზე თანამედროვე მსოფლიოში. თქვენ რას იტყოდით: ამერიკა დღეს უფრო ძლიერია, უფრო უსაფრთხოა და უფრო დაცულია, ვიდრე ოთხი წლის წინათ?
ბრეტ სტივენსი: ვერ ვიტყვი, რომ ამერიკა ჯო ბაიდენის ოთხწლიანი მმართველობის შედეგად უფრო ძლიერი და უსაფრთხო გახდა. რა თქმა უნდა, ამაში ბრალი მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ მიუძღვის, სხვა ფაქტორებიც არსებობენ, მაგალითად, რუსეთ-ჩინეთ-ირან-ჩრდილოეთ კორეის ავტოკრატულ-დიქტატორული ღერძი. გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ეს დასავლეთს სურს. ახლო აღმოსავლეთში ისრაელი ბობოქრობს… თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასაც ბევრი პრობლემის მოგვარება თუ არა, მათი დროებითი განეიტრალება მაინც შეეძლო, მაგრამ თეთრმა სახლმა დააგვიანა.
ლიდია პოლგრინი: მე პირადად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოქმედებაში ბევრი რამ მაოცებს და ნეგატიურად განმაწყობს – მაგალითად, დაუფიქრებლობისა და მოუმზადებლობის ელემენტი. ჯერ იყო და ავღანეთიდან ჯარი ისე სწრაფად გამოიყვანა, რომ ამერიკა თითქმის სასაცილო გახადა და თვითონ ჯო ბაიდენსაც რეპუტაცია საკმაოდ შეელახა. მეორე მომენტი – გახსოვთ ჯეიკ სალივანის განცხადება ახლო აღმოსავლეთის „მშვიდ და წყნარ“ რეგიონზე, რომელიც მან „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა? გამოდის, რომ აშშ პროგნოზებში შეცდა. შემდეგ – ვაშინგტონმა ვერ შეძლო ისრაელის პრემიერ-მინისტრზე გავლენის მოხდენა, რომელმაც ღაზას სექტორში ომი დაიწყო. და ბოლოს, მესამე – სირიელი ბაშარ ასადის დიქტატორული რეჟიმის სწრაფი კრახი, რომელიც თეთრი სახლისთვისაც გარკვეულწილად მოულოდნელი იყო. აშშ-ის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია მსოფლიო მოვლენების პროგნოზირება, მათზე გავლენის მოხდენა აშშ-ის ინტერესების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველა ამ მიმართულებებით ძალიან სუსტად იმუშავა.
ბრეტ სტივენსი: ლიდიამ სწორად შენიშნა, რო ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოვლენებს მუდმივად მოუმზადებელი ხვდებოდა. სამარცხვინო ავღანური ეპოპეა ხომ მთლიანად ჯო ბაიდენის სინდისზეა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ თალიბები ავღანეთის ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებენო. გარდა ამისა, პრეზიდენტი იმასაც გვიმტკიცებდა, რომ სამხრეთის საზღვარზე მიგრაციას მხოლოდ სეზონურ ხასიათი აქვსო. საბოლოო ჯამში სწორედ ასეთმა ანალიტიკურმა შეცდომებმა და არასწორმა პროგნოზებმა იმსხვერპლეს ჯო ბაიდენი თავის საპრეზიდენტო სავარძლიანად.
– ვისაუბროთ დონალდ ტრამპის გუნდის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე და მათ შესაძლებლობებზე თავიდან აიცილონ არასასურველი მოვლენები. თქვენ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ჩემი აზრით, დონალდ ტრამპს ფუჭი იმედები აქვს, რომ ვლადიმერ პუტინს აიძულებს ხელი მოაწეროს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც კრემლს არ აწყობს. მოკლედ ჩემი კითხვა ასეთია: რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დონალდ ტრამპის მიდგომებში საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით?
დევიდ ფრენჩი: მე მომწონს დონალდ ტრამპის გუნდის ხისტი პოზიცია ირანთან მიმართებით. ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი ძალიან ზედმეტად „ეფერება“ რუს, ჩინელ და ჩრდილოკორეელ დიქტატორებს, მაგრამ ირანთან დაკავშირებით, მე ვიტყოდი, რომ ჯეროვან სიმტკიცეს იჩენს. მაგალითად, მან უყოყმანოდ გასცა ბრძანება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლის, გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის მიზნით, რაც დიდი მიღწევაა აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რა არ მომწონს? ამაზე ლაპარაკი იოლია: მაგალითად, მისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეძლებს დონალდ ტრამპი მშვიდობის დამყარებას ისე, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ დაარწმუნებს შეეგუოს დამარცხებას რუსეთის წინაშე. კრემლი ბრძოლის ველზე წარმატებებს აღწევს და აქედან გამომდინარე, განა ვლადიმერ პუტინი რაიმე მნიშვნელოვანს დათმობს მშვიდობის დამყარების მიზნით, თანაც ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე? არა მგონია. მე ასევე ძალიან მაშფოტებს დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ. დიახ, თავდაპირველად იგი გონივრულ და გათვლილ პოლიტიკას ატარებდა, ახლა კი მან, ჩინური „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის სურვილით, ჩინური გავლენა აღიარა. მოკლედ, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ხშირად სუფთა პოლიტიკური და თავისებური ანგარებითი ინტერესებით განისაზღვრება.
ბრეტ სტივენსი: ვეთანხმები დევიდს. დონალდ ტრამპი არასოდეს არ ყოფილა გარიგების დადების ოსტატი, თუმცა ბევრს ლაპარაკობს. იგი ისეთი არ არის, როგორსაც საკუთარ თავს წარმოსახავს. არის იმის რეალური საფრთხე, რომ იგი ჩაეფლობა თავის გარიგებებში – ბირთვულში ირანთან და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე – რუსეთთან. ეს, რა თქმა უნდა, მოეწონებათ მის იზოლაციონისტ ამომრჩევლებს, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება აშშ-ისა და მოკავშირეების ინტერესებისათვის. თვითკმაყოფილება და თვით მოსიყვარულება ცუდი საფუძველია საგარეო პოლიტიკისათვის, ცხოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
– ვფიქრობ, სწორედ ასეთი ნარცისიზმის გამოვლენაა დონალდ ტრამპის მხრიდან განცხადებების გაჟღერება გრენლანდიაზე და პანამის არხზე. მას ძალიან მოსწონს საკუთარი თავის წარმოდგენა ძლევამოსილ ლიდერად, რომელიც ფართოდ და მასშტაბურად აზროვნებს. დონალდ ტრამპისათვის ჯო ბაიდენის მსგავსი ადამიანები მხოლოდ ნომინალური ხელმძღვანელები არიან, რომლებმაც არ იციან, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება… თქვენი აზრით, რაში გამოიხატება არჩეული პრეზიდენტის უპირატესობა?
ბრეტ სტივენსი: დონალდ ტრამპს ოთხი პოტენციური უპირატესობა აქვს ჯო ბაიდენის წინაშე. პირველი – ჩვენი მტრებს მისი უფრო ეშინიათ, ვიდრე ჯო ბაიდენის ეშინოდათ, რომელიც უკიდურესად ფრთხილად და დაყოვნებით მოქმედებდა. მეორე – დონალდ ტრამპისათვის უცხოა იდეოლოგია და როცა მას თანმიმდევრულობა აკლია, იგი მას პრაგმატიზმით კომპენსირებს და ანაცვლებს. მესამე – მისი სკეპტიკური დამოკიდებულება სამხედრო ალიანსების მიმართ და მის მუქარებს ნატოდან გასვლის თაობაზე საჭირო ეფექტი მოაქვთ – ჩვენი მოკავშირეები რეალურად იწყებენ თავიანთი წვლილის შეტანას ალიანსის თავდაცვის გაძლიერებაში. მეოთხე – დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ აუცილებელია თავდაცვაზე მეტი თანხების დახარჯვა.
ლიდია პოლგრინი: მინდა რომელიმემ დონალდ ტრამპის მიდგომები განსაზღვროს. არსებობს თუ არა „ტრამპის დოქტრინა“? მას ხშირად ერევა ერთმანეთში პირადი ამბიციები და აშშ-ის ინტერესები. იგი ხშირად დიქტატორულ განცხადებებს აკეთებს – მათ, ვისაც თავისი თავი ძლიერები ჰგონიათ, ხშირად იხრებიან დიქტატორობისაკენ. საინტერესოა, ფიქრობს თუ არა დონალდ ტრამპი კიდევ სხვა საკითხზე, გარდა იმისა, რომ თავი „მაგარ ბიჭად“ წარმოაჩინოს?
– როგორ ფიქრობთ, რა იქნება დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობაზე და ეროვნულ უსაფრთხოებაზე 2025 წელს?
დევიდ ფრენჩი: მე ყველაზე უფრო მეტად მაინტერესებს ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის პერსპექტივები. ჩემი აზრით, დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ისრაელი მეტი თავისუფალი მოქმედების ნებას მიიღებს, უკრაინას კი არჩევანი შეეზღუდება სტრატეგიული კრიზისის წერტილამდე.
ლიდია პოლგრინი: მსოფლიოში შექმნილი სიტუაციისა და ტერორისტული აქტების გამოძიებაში „ეფბეაის“ (FBI) როლის გათვალისწინებით, ალბათ, შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, რომ კეშ პატელი (გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში) თავის უწყებას მთლიანად გაანადგურებს „ჭინკებზე ნადირობის“ დროს.
ბრეტ სტივენსი: დონალდ ტრამპის მხარდაჭერით ისრაელი ომს ძლევამოსილად დაასრულებს. „ჰამასი“ მთლიანად განადგურდება. „ჰეზბოლა“ ძალების აღდგენას ვეღარ შეძლებს. ეს ყველასთვის კარგი იქნება,, მათ შორის უბრალო პალესტინელებისა და ლიბანელებისათვის, რომლებიც თავიანთი ტერორისტი ლიდერების გამო უბედურებაში ვარდებოდნენ და ტანჯვას განიცდიდნენ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ისრაელი და საუდის არბაეთი სამშვიდობო შეთანხმებას დადებენ.
– და ბოლო კითხვა: ბევრ მსოფლიო ლიდერს სურს იცოდეს, თუ როგორი იქნება ამერიკა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. რას ეტყოდით მათ?
დევიდ ფრენჩი: დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა მსოფლიოსათვის სიგნალი უნდა გახდეს. არავინ არ იფიქროს, რომ დონალდ ტრამპის იზოლაციონიზმი მხოლოდ დროებითი მოვლენაა და სწრაფად გაივლის. შესაძლოა, ეს ამერიკულ ხასიათში ღრმა გარდაქმნების პრელიუდია გახდეს. მე მსოფლიოს ლიდერებს ასე ვეტყოდი: თუ თქვენი საერთაშორისო სტაბილურობის სტრატეგია ამერიკის ლიდერობაზე გაქვთ გათვლილი, დროა იზრუნოთ საკუთარი გეგმა „ბ“-ს შემუშავებაზე.
ლიდია პოლგრინი: როცა მე საერთაშორისო ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო და ბევრი მოვისმინო. მაგრამ ახლა, როცა ამერიკის ლიდერობასთან დაკავშირებით მსოფლიო უკმაყოფილოა, შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორ „შვებით ამოისუნთქეს“ იმ მსოფლიო ლიდერებმა იმის გამო, რომ ამერიკას უხელმძღვანელებს არა ისეთი ადამიანი, რომელიც თვალთმაქცობს და მათ თავს მოაჩვენებს, არამედ ღიად აჩვენებს, თუ რა არის მისთვის მთავარი, მართალია ზოგჯერ ანგარებითი მიდგომით, მაგრამ მაინც.
ბრეტ სტივენსი: ჯერ-ჯერობით ადრეა სასოწარკვეთილებაში ჩავარდეთ. თუმცა აშკარაა, რომ მომდევნო ოთხი წელი მშვიდი არ იქნება. ძალიან ბევრი სისულელე მოხდება, იქნება ხმაური როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. თუმცა ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი წესრიგში არ არის, პრობლემები ბევრი დაგროვდა და ისინი მოსაგვარებელია. მოდით, ნუ ჩამოვწერთ წინასწარ ახალ ადმინისტრაციას, რომელსაც ჯერ არ დაუწყია თავისი მუშაობა.
მოამზადა სიმონ კილაძემ