1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დნეპროპეტროვსკში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა
დნეპროპეტროვსკში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა

დნეპროპეტროვსკში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა

120
0

რუსეთ-უკრაინის ომის 432-ე დღე

რუსული ძალების მიერ ნასროლი რაკეტები დნეპროპეტროვსკის ოლქში სამოქალაქო შენობებს მოხვდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.

„მტერმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მათგან 7 ჩამოაგდეს, მაგრამ არის დარტყმებიც. 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია”, – დაწერა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისივე თქმით, პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, საცხოვრებელ ზონაში 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, ექვსი სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და ხუთი მაღაზია დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

„დაახლოებით 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა „ტუ-95“ თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი „ტუ-160“ თვითმფრინავით -კასპიის ზღვის რეგიონიდან“, – დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა 18 Х-101/Х-555 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

დედაქალაქ კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს და მოქალაქეებს განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით.