1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

112
0

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე ატვირთული იყო ცესკოს ვებგვერდზე.

სულ შემოვიდა 24 314  განაცხადი. კონკურსანტებიდან 9 117  საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 197 კი კომისიის წევრობის კონკურსში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით. გამოცდები ასევე ჩატარდა წელსაც. ამასთან, განხორციელდა საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტები, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.