დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების -თინა ბოკუჩავა
დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველაფერს გავაკეთებ სახელოვანი გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა გადადგმის შესახებ გააკეთა განცხადება.
ბოკუჩავას თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გაერთიანდეს.
ამასთან, ბოკუჩავამ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ლევან ხაბეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გითხრა შენ, ლევან, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვან და არც თუ ისეთ მარტივ მომენტში, აიღე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს მოითხოვს დიდ გამბედაობას და დიდ თავგანწირვას. შენ ამის მაგალითი არა ერთხელ გვიჩვენე. რუსი ივანიშვილის ჯალათების მხეცურ ძალადობას რაც მოყვა, შენს მცდელობას ბანდიტებად ქცეული სპეცრაზმელებისგან გეხსნა ახალგაზრდა, შეხვდი საოცარი სიმამაცით, სიმტკიცით და სიმშვიდით, რაც მხოლოდ გამარჯვების რწმენით განმსჭვალულ ადამიანებს შეუძლიათ. შენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ შენთვის საქართველოს ნათელი მომავალი და ჩვენი საერთო როლი ამ ნათელი, ევროპული მომავლის შექმნაში არის უპირველესი ამოცანა მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოხატე, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
დღეს არ ვისაუბრებ ვრცლად ჩემს ხედვებზე, თუმცა ამის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში მექნება. ვიტყვი მხოლოდ ერთს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. წყდება, სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, რუსეთის უკანა ეზოში თუ ევროპულ საქართველოში, სადაც არის თავისუფლება და კეთილდღეობა. ამ არჩევანში ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის.
მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც არცერთი წამი, მათ შორის ტყვეობაში, რაც მართლაც ისტორიული უსამართლობაა, არ დაუკარგავს ერთიანი, ძლიერი, ევროპული და წარმატებული საქართველოს იდეა და რწმენა, რომლის შექმნაშიც მას უდიდესი წვლილი მოუძღვის. საქართველოსი, სადაც ყველას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს თვითრეალიზების შანსი აქვთ, სადაც ყველას შეუძლია, ამაყად თქვას – მე ვარ საქართველო. მადლობა თქვენ, ნდობისთვის, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ივანიშვილმა უკან დასახევი გზა არ დაგვიტოვა. დღეს ჩვენ ერთად, საერთო ძალებით, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. როგორც არასდროს მწამს გამარჯვების, და გპირდებით ყველას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომლებმაც გამარჯვების ჯიუტი რწმენა და ჟინი გააცოცხლეს, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი საერთო, ეროვნული, სახელოვანი გამარჯვებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.