1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა”- მეუფე შიო
“დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა”- მეუფე შიო

“დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა”- მეუფე შიო

353
0

შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მან თქვა, ქრისტიანებმა უნდა მოაკვდინონ საკუთარი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება – სურვილებს.

„როცა ვიხსენებთ წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებას და მის საოცარ სიმტკიცეს რწმენისას, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ. ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, რომ ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტეზე, ეკლესიაზე.

როდესაც წმინდა ეკლესიაში აღვნიშნავთ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებას, ამით ეკლესია ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ამ წმინდანის ცხოვრებას, ღვაწლს მივბაძოთ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ როგორ უნდა მივბაძოთ ჩვენ დღეს მოწამეებს, როცა ეკლესია ფიზიკურად არ იდევნება?! წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დღესაც შესაძლებელია მოწამებრივი ღვაწლის აღსრულება და მოწამებრივი გვირგვინების მიღება. შეიძლება დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის. ამის გარდა, ჩვენ გვტანჯავს ჩვენი სულიერი, შინაგანი ვნებები, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სხეულიდან, ამ წუთისოფლიდან და მომდინარეობს ჩვენი უხილავი მტრისგან, დემონებისგან.

ღირსი მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჩვენ ყოველდღეც კი შეგვიძლია მოწამებრივი ღვაწლი აღვასრულოთ და მოწამებრივი გვირგვინი დავიდგათ. ქრისტესთვის ვევნოთ, თუკი ჩვენ შევებრძოლებით ჩვენს ვნებებს, შევებრძოლებით ჩვენს სულიერ მტერს, ეშმაკს და დაცემულ ბუნებას. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს. ჩვენ, განა, ჯეროვნად ვებრძვით ჩვენს ვნებებს? ხომ არ გვყავს ჩვენ ისეთი კერპები, რომელსაც ვემსახურებით, ვემორჩილებით და ამით უარვყოფთ ქრისტეს, ვღალატობთ მას?! სამწუხაროდ, ასეთი კერპები ჩვენ გყავს. ეს არის ჩვენი ვნებები, გვაქვს ასევე კერპთმსახურებაც, ეს არის ასევე ამ ვნებების დაკმაყოფილება და წახალისება. რა ვნებებია ეს და რა ცოდვებია? ეს არის: ნაყროვანება, სიმთვრალე, ნარკომანია, სიძვის ვნება, ვერცხლისმოყვარეობა, სიხარბე, აზარტული თამაშები, გაღიზიანება, მრისხანება, სიძულვილი, განკითხვა, სევდა და მოწყინება, ამპარტავნება, სიცრუე და ა.შ. და თუ ეს ვნებები და ცოდვები ადამიანის ჩვევაში გადავა, მაშინ ისინი იქცევა ჩვენი სულის კერპებად და მათი მსახურებითა და მორჩილებით ჩვენ ვხდებით კერპთმსახურები.

რადგან არსებობს ასეთი სახის კერპთმსახურება და ყველგან ვაწყდებით, ბატონობს ცოდვის მსახურება, ამიტომ ქრისტიანებიც უნდა იყვნენ მოწამეები დღეს იმიტომ, რომ მათ უნდა მოაკვდინონ თავიანთი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება – სურვილებს. როგორც ამბობს პავლე მოციქული, სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ ცისქვეშეთის უკეთურ ძალთა წინააღმდეგო. როგორ შეიძლება დღესაც ყველა ნამდვილი ქრისტიანი სისხლის დაუღვრელად გახდეს მოწამე. და ინებოს უფალმა წმინდა გიორგის ლოცვით, რომ დავამარცხოთ ჩვენს თავში ეს ვნებები და ყველა ის საცდური, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სხეულისგან, თუ ამ წუთისოფლისგან, თუ ჩვენი სულიერი მტრისგან, ეშმაკისგან. მინდა დღეს განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღევანდელი დღესასწაული. მადლობა მინდა შევწირო უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ ათწლეულებში უფალმა მოგვივლინა ასეთი ბრძენი საჭეთმპყრობელი, რომელიც უკვე 46-ე წელიწადია წინამძღოლობს ჩვენს ეკლესიას, დიდ მაგალითს გვაძლევს ქრისტეს ერთგულებისა და სარწმუნოების სიმტკიცისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.