“დეგნანი რომ ივანიშვილის მეგობარი იყოს, ევროპარლამენტის რეზოლუციას გაემიჯნებოდა” -კობახიძე
“თუ კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს მეგობრად მიიჩნევს თავს, მაშინ იმ უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა, რომელიც მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე ხორციელდებოდა,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ივანიშვილსა და დეგნანს შორის პირადი შეხვედრა ვერ შედგებოდა, რადგან პირადი შეხვედრები მეგობრებს შორის იმართება.
„ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა მეგობრული შეხვედრა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, სრული უფლება არსებობდა იმისა, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, კითხვები დასმულიყო და ამ კითხვებს პასუხები გასცემოდა. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, მინიმუმ ასეთ შემთხვევაში იმ უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა, რომელიც მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე ხორციელდებოდა. თუ ის თავს ბიძინა ივანიშვილს მეგობრად მიიჩნევს, მაშინ სათანადო რეაქცია ექნებოდა, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, ასევე რადიკალური ოპოზიციის “მესიჯბოქსზე”, ასევე NGO-ებზე.
ეს არის ბიძინა ივანიშვილზე ორკესტრირებული შეტევა, რაშიც არის ჩართული რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები ასევე, 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი ჩართეს და აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, რა თქმა უნდა, ელჩი ძალიან მარტივად ამ პროცესს გაემიჯნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ გააკეთა და კითხვის ნიშნებს დამატებით წარმოშობს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში სიცხადე იყოს, მაგალითად, როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ივანიშვილს მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ელჩს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჰქონდეს, ვიღაცა როდესაც მთავრობის გადადგომას ითხოვს, ელჩს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჰქონდეს და ა.შ. ასეთ დროს ბუნებრივია, საზოგადოებაში კითხვები მოიხსნებოდა“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ს ელჩმა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა თავიდანვე არ დაადასტურა.
„სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ დადასტურდა. ელჩს მარტივად შეეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მას შეეძლო ეთქვა, რომ ეს შეხვედრა ომის დაწყების შემდეგ შედგა. ასეთ დროს ბუნებრივია, საზოგადოებას რაიმე დამატებით კითხვის ნიშნები აღარ ექნებოდა. შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წერილი გავრცელდა, რის შედეგადაც ელჩმა საბოლოო ჯამში, ეს შეხვედრა დაადასტურა. ასეთ დროს, როცა მარტივად შეგიძლია კითხვას პასუხი გასცე და არ გასცემ ბუნებრივია, საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები მითქმა-მოთქმა ჩნდება, რაც ძალიან ცუდია,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.