დავით კეზერაშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება კითხვის ნიშნებს აჩენს – რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება კითხვის ნიშნებს აჩენს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად ამ კითხვებს სათანადო პასუხი გაეცემა.
„ის, რომ ბატონი კეზერაშვილი სხვადასხვა გზებით ცდილობს ოპოზიციის დაფინანსებას, უშუალოდ მისი განცხადებებიდანაც ირკვევა. მას ამ ფაქტის უგულებელყოფა არც უცდია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომლის მიმართაც არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს, რომელიც ფაქტობრივად, ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის განვითარებას, როგორც ბატონმა პაპუაშვილმა ბრძანა, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს მისი ასეთი თავისუფალი გადაადგილება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად ამ კითხვის ნიშნებს სათანადო პასუხი აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.