
დასავლეთი ყურადღებას არ აქცევს აღმოსავლეთს – უგულებელყოფს მსოფლიოს ნახევარს – თავისი შიშებისა და რისკების ფასად – The Independent
ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და კომენტატორის მერი დეჟევსკის სტატია სათაურით „დასავლეთი ყურადღებას არ აქცევს აღმოსავლეთს – უგულებელყოფს მსოფლიოს ნახევარს – თავისი შიშებისა და რისკების ფასად“.
„ჩინეთში, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ-ქვეყნების სამიტზე მსოფლიოს 25 სახელმწიფოს და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერების ყოფნის გათვალისწინებით, რომელთა შორის ვხედავთ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ინდონეზიისა და ირანის ხელმძღვანელებს, უნებლიედ იბადება კითხვა – რატომ არ იჩენს დასავლეთი საკმაო ყურადღებას ამ შეხვედრის მიმართ ან საერთოდ არ ადარდებს?“, – ასეთი კითხვაა დასმული ავტორის მიერ პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ტიანძინში შეკრებილმა ლიდერებმა უსაფრთხოების, მსოფლიო ეკონომიკისა და რეგიონული პრობლემები განიხილეს. სამიტს მასპინძლობდა ჩინეთის მეთაური სი ძინპინი, მონაწილეთა შორის – ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან, ნარენდრა მოდი ინდოეთიდან (სხვათა შორის, ინდოეთს თავის მეზობელ ჩინეთთან სასაზღვრო სისხლიანი კონფლიქტები აქვს, მაგრამ ნარენდრა მოდი სი ძინპინს მაინც ეწვია), ირანის, თურქეთისა და ინდონეზიის პრეზიდენტები… სამიტში მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მსოფლიოს მშპ-ის ერთ მეოთხედს შეადგენს, მოსახლეობა კი თითქმის ნახევარს. შეხედეთ ჯგუფურ ფოტოსურათს: თუ თქვენ გსურდათ მსოფლიოს დიდი ნაწილის თვალსაჩინო სურათის დანახვა, ის ახლა თქვენს თვალწინაა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში შეიქმნა რეგიონული დავების მოსაგვარებლად, ნელ-ნელა დასავლური ბლოკების – ნატოსა და ევროკავშირს დაემსგავსა, თუმცა მას თავდაპირველად ამის ამბიცია არ ჰქონია. მის პარალელურად ჩამოყალიბებული „ბრიკსი“ უკვე ლათინურ ამერიკასაც გადასწვდა და ბრაზილიით სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გავლენა გაიფართოვა. (…)
ჩინეთის არმიის სამხედრო აღლუმი, რომელიც უკვე პეკინშია დაგეგმილი და სამ სექტემბერს გაიმართება, მოწოდებულია, რომ დასავლეთს აჩვენოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს მონოპოლიური უფლება იმისა, რომ მხოლოდ თვითონ წარმოაჩინოს საკუთარი თავი გამარჯვებულად მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის სამხედრო თეატრში და რომ ჩინეთსაც აქვს შეტანილი დიდი წვლილი გამარჯვებაში. ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან ერთად, აღლუმის სტუმართა შორის იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც, რომელიც ჩინეთს სპეცმატარებლით ეწვევა (პირველად 2019 წლიდან).
ორი მოვლენა – შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტი და მეორე მსოფლიო ომში იაპონელ დამპყრობლებზე ჩინეთის გამარჯვების 80 წლისთავი – ეს ის მნიშვნელოვანი მოვლენებია, რომლებზეც დასავლეთს ყურადღება უნდა გაემახვილებინა.
დიახ, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს ახლა პრობლემები აქვთ, ევროპაში ომი მიმდინარეობს, ახლო აღმოსავლეთშიც ცეცხლი გიზგიზებს… და მაინც დასავლეთისათვის სამიტის იგნორირება შეცდომა იქნებოდა. აუცილებელია ყურადღება მიექცეს ჩინეთიდან წამოსულ სიგნალებს.
პირველი – რუსეთის შესახებ: ალასკის სამიტმა რუსეთის პრეზიდენტის დასავლეთისგან იზოლაცია დაასრულა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ამ იზოლაციის დონე გადაჭარბებული იყო. ვლადიმერ პუტინი სასურველ სტუმრად რჩება პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის.
მეორე – რუსეთ-ჩინეთის შესახებ: ეს არ არის ექსკლუზიური კავშირი. ეს არის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ სარგებელსაც, რომელსაც ფართო რეგიონული კონტექსტი აქვს. ეს არის ორი მოსაზღვრე ქვეყნის თანამშრომლობა. მათ ზოგჯერ განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ გლობალურ საკითხებში თანხმდებიან. ისინი გავლენის სფეროების გამო ერთმანეთს არ ედავებიან.
მესამე – ჩინეთისა და ინდოეთის შესახებ: სამიტს წინ უძღოდა მოლაპარაკება სი ძინპინსა და ნარენდრა მოდის შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქეებს შორისაც კი ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია. მათი ურთიერთდამოკიდებულება უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ თანამედროვე მსოფლიოში ორივესათვის ადგილი არ არის.
მეოთხე – რუსეთისა და ინდოეთის შესახებ: დონალდ ტრამპი ინდოეთის დაშინებას ცდილობს სავაჭრო ტარიფების გაზრდით და ხელს უშლის რუსული ნავთობის გაყიდვას, ინდოეთს კი არ ეშინია. ვლადიმერ პუტინისა და ნარენდრა მოდის თბილი შეხვედრა-მოლაპარაკება ტიანძინში ამას ადასტურებს.
მეხუთე – ცენტრალური აზიის შესახებ: დასავლეთს ეგონა, რომ ცენტრალურ აზიაში გავლენისათვის ბრძოლა რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთს გადაამტერებდა, მაგრამ მოტყუვდა. შანხაის ორგანიზაციამ შეძლო სიტუაციის დარეგულირება და თავის გადარჩენა. ორგანიზაცია ახლა გაფართოების სტადიაშია.
რა თქმა უნდა, ზემოთ თქმული არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი, თუ მას შესაძლებლობა გაუჩნდება, თავის ვაჭრობას და დიპლომატიას ისევ დასავლეთისაკენ გადაამისამართებს, სადაც კრემლი თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. ეს არ იმას არ ნიშნავს, რომ შანხაის ორგანიზაციაში ყველაფერი იდეალურადაა და რომ ყველა წევრი თავის ეროვნულ ინტერესებს უკან სწევს, კოლექტიურს კი უპირატესობას ანიჭებს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერები, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენენ, თავიანთ მომავალზე დასავლეთის გარეშე მსჯელობენ და დასავლეთის გარეშე მოქმედებენ. როგორც ჩანს, ძველი მსოფლიო წესრიგის გაქრობის გარეშეც შეიძლება ახალი მსოფლიო წესრიგის მოხაზულობის შემჩნევა.
მოამზადა სიმონ კილაძემ