“დასავლეთი პროვოკაციებს აწყობს, მაგრამ თბილისში კიევური მაიდანი” არ განმეორდება”- თურქული პრესა
აშშ და ევროკავშირი, კიევური „მაიდნის“ მსგავსად, თბილისში ანტისამთავრობო პროტესტებს აღვივებენ, – ნათქვამია თურქულ ჟურნალ „აიდინლიკში“ (Aydınlık – იბეჭდება 1921 წლიდან) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით: “დასავლეთი პროვოკაციებს აწყობს, მაგრამ თბილისში კიევური მაიდანი” არ განმეორდება”.
მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინა არ არის და როგორც ჩანს, კიევური სცენარი ვერ განხორციელდება, კანონიერად არჩეული პარლამენტი ზეწოლას არ დაემორჩილება.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
საქართველოს დედაქალაქში ევროკავშირის მომხრეებსა და მთავრობას შორის დაძაბულობა მწვავდება, ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა მოახერხეს პარლამენტის შენობის ზოგიერთ ოთახში შეჭრა და დარბევა, ნაწილი კი გადაწვეს. არიან დაშავებულები, დაკავებულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის, აქციების უცხოელი მონაწილეებიც. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანამდებობას არ დატოვებს, სანამ „ლეგიტიმური“ პარლამენტი არ იქნა არჩეული. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბრიუსელი ქვეყნის წევრად მიღების მოლაპარაკებებით თბილისზე ზეწოლას ახორციელებს.
აქციის მონაწილეები უკმაყოფილონი არიან მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით, ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკება 2028 წლამდე შეჩერდა.
ამერიკამ საქართველოსთან პარტნიორობის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა.როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, „აშშ გმობს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას. მთავრობის ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ღალატს ნიშნავს“. საფრანგეთმაც ცეცხლზე ნავთი დაასხა და განაცხადა, რომ ხალხს მშვიდობიანი მიტინგის ჩატარების უფლება აქვსო.
პრეზიდენტმა სავარძელი მიიწება
თბილისში მიმდინარე აქციებს, რომლის დროსაც ძალადობას ორივე მხარე მიმართავს, მხარს უჭერს დასავლეთი, ოპოზიციური პარტიების კოალიცია და თვით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროევროპულად ითვლება და რომელიც ამჟამინდელ მთავრობას „არალეგიტიმურს“ უწოდებს. სხვათა შორის, თვითონ პრეზიდენტს რამდენიმე კვირაში უფლებამოსილება უმთავრდება, მაგრამ, მისი განცხადებით, იგი თავის თანამდებობას მანამ არ დატოვებს, სანამ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა არ ჩატარდება და კანონიერი საკანონმდებლო ორგანო არ იქნება არჩეული!
საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ადრე კარიერული დიპლომატი იყო და საქართველოს მოქალაქეობა 50 წლის ასაკში მიიღო, 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები „რუსული სტილით ჩატარებულად შეაფასა და თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მოსკოვის მიმართულებით მიჰყავს და ევროკავშირისაგან აშორებს. მან მოსახლეობას მასობრივი პროტესტებისაკენ მოუწოდა.
საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი 2024 წლიდან ირჩევა არა საყოველთაო კენჭისყრით, როგორც მანამდე ხდებოდა ხოლმე, არამედ 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიით, რომელთა ერთი ნახევარი დეპუტატები არიან, მეორე ნახევარი კი – ქვეყნის რეგიონების წარმომადგენლები. ახალი პრეზიდენტის არჩევა 14 დეკემბერს უნდა მოხდეს და გამარჯვებული კანდიდატი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება.
„ევროკავშირის პოლიტიკა და ადგილობრივი აგენტები“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოში უკრაინაში მომხდარი „მაიდნის“ გამეორებას არ დაუშვებს. მას მხედველობაში ჰქონდა ათი წლის წინ კიევში დასავლეთის მხარდაჭერით განხორციელებული საპროტესტო აქციები, რომლის შედეგად ხელისუფლება დაემხო და რომელმაც, საბოლოო ჯამში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გამოიწვია.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს მიმდინარე უწესრიგობები, ძალადობის თანხლებით, არის ევროპელი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგი ქვეყნის საშინაო საქმეებში. ისინი თავიანთ ადგილობრივ აგენტებს ანტისახელისუფლო გამოსვლებისაკენ და „მაიდნის“ მსგავსი მოქმედებებისაკენ მოუწოდებენ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს მოხდება სამართლიანი პირობებით. ქართველმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი წევრად მიღების მოლაპარაკებას იმისთვის იყენებს, საქართველოზე შანტაჟი განახორციელოს და ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩაერიოს.
54%-იანი გამარჯვება
უწესრიგობები მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გამართვა 2028 წლამდე შეაჩერა. საერთოდ კი, საპროტესტო აქციები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მმართველმა პარტიამ ხმების 54% მიიღო, ოპოზიციამ კი თავის მიზანს – გამარჯვებას ვერ მიაღწია და ამიტომ უკმაყოფილო დარჩა. მმართველი პარტია პრაგმატული ურთიერთობის მომხრეა ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით. მიმდინარე წელს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც დასავლეთმა ანტიდემოკრატიულად ჩათვალა.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: