დაკარგული ოცდაათი წელი
არჩევნების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებული აქტუალიზაცია შეიძინა ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციამ. ზოგი თვლის რომ ამისათვის აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანება (ღირსებით ან მის გარეშე). ამგვარი მსჯელობით გამომდინარეობს, რომ დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია არ არიან ევროპელები. თანაც, ყურადღების მიღმა ტოვებენ იმ უცილობელ ფაქტს, რომ ახალი წევრების ევროკავშირში მიღებისათვის უპირატესად შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარებაა საჭირო. ზოგი თვლის, რომ გეოგრაფიულად ჩვენ ევროპას არ წარმოვადგენთ და ამიტომ არ ღირს ევროკავშირში ძალად შეტენვა, მით უმეტეს, როცა არ გვიღებენ. არის აზრი, რომ ჩვენ ევროპისა და აზიის გზისგასაყარზე ვმდებარეობთ და ამიტომ დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ხიდი ჩვენი ბუნებრივი ფუნქციაა.
გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს (ე.წ. დიდი ახლო აღმოსავლეთი), მაგრამ ცივილიზაციურად ევროპას წარმოადგენს. და ეს არა მარტო თავისი კულტურის ისტორიით დასტურდება, არამედ ისტორიული საგარეო პოლიტიკური პრეფერენციებითაც. ქართველები ყოველთვის დასავლეთისკენ იხრებოდნენ: ელინისტური სამყარო და არა სპარსეთი, რომი და არა პართია, ბიზანტია და არა არაბები, ჯვაროსნები და არა თურქ-სელჯუკები, მეტიც, ჯვაროსნები და არა ბიზანტია. სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ არჩევანი აღარ დაგვრჩა.
ქრისტიანობამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანში. დასავლეთი, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში წარმოადგენდა გაქრისტიანებულ ბერძნულ-რომაულ კულტურას, მთლიანად შეესაბამებოდა ქართულ არჩევანს. მოგვიანებით დასავლეთის ამ ბაზისურ პლასტს დაემატა გერმანული (ალბათ სჯობია გერმანიკული – გერმანული, ფრანკული, ანგლო-საქსონური, სკანდინავიური, ლანგობარდული, ფლამანდური, ბურგუნდული) პლასტი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა დასავლეთის განვითარებაში და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვხებია. ასეთია: ფრანკების სალიკური სამართალი, გერმანიის მეფის ჰაინრიხ ფოგელერის (ჩიტიჭერია) მიერ ქალაქებისათვის თვითმმართველობის სიგელების მინიჭება, რითაც საფუძველი გამოაცალა მსხვილ ფეოდალებს (მეთოდი სასწრაფოდ გადაიღეს ჰენრი მეორემ ინგლისში და ლუი მეექვსემ საფრანგეთში, თუმცა ქალაქები ისე არ გაუჯეჯილებიათ, როგორც ეს გერმანიაში მოხდა), საქსონური სარკე, ოტონ I დიდის მიერ მაგდებურგის სამართალის მიღება, და ბოლოს, დაგვირგვინდა ბრიტანეთში თავისუფლების დიდი ქარტიის შექმნით.
სწორედ გერმანიკული პლასტის დამსახურებაა ევროპაში (მათ შორის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში) თავისუფალი და დამოუკიდებელი, თვითმმართველი ქალაქების გაჩენა (სადაც გერმანიკული კულტურა ვერ მიწვდა, იქ თვითმმართველი ქალაქი არ აღმოცენდა, მაგ. ბალკანეთში, სამხრეთ იტალიასა და ესპანეთში). თვითმმართველი ქალაქების დამსახურებაა: მოქალაქეთა თავისუფლება (ქალაქების დევიზი იყო Stadtluft macht frei – ქალაქის ჰაერი ანიჭებს თავისუფლებას), დამოუკიდებელი სასამართლოები და უნივერსიტეტები, რამაც უზრუნველყო ინოვაციური განვითარება. უცნაურია, მაგრამ ევროპული სახელმწიფოების ცენტრალიზაცია თვითმმართველი ქალაქების დამსახურებით მოხდა. ცენტრალიზებულმა სახელმწიფოებმა ქალაქებს კომპეტენცია შეუკვეცეს, თორემ თვითმმართველობა არ გაუუქმებიათ (თვითმმართველობა ნაცისტების დროსაც ფუნქციონირებდა). სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიამ მხოლოდ ერთი თვითმმართველი ქალაქი იცის – XI საუკუნის თბილისი. მანაც, სატახტო ქალაქად გადაქცევის შემდგომ თვითმმართველობა დაკარგა.
ასევე, მხოლოდ გერმანიკულ სამყაროში გაჩნდა ძალმოსილ ფეოდალურ სუბიექტთა მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო (რაიხსტაგი, პარლამენტი, სკანდინავიური ტინგები, სეიმი, ქალაქის საბჭო, თვითმმართველ ქალაქთა გაერთიანება – ჰანზა), რომლის ლეგიტიმაციას მონარქთან ერთად მოსახლეობის სხვადასხვა ფენები ახდენდნენ. მართალია საუკუნეების განმავლობაში თათბირი ხშირად იცვლებოდა შუღლითა და შინაომებით, მაგრამ ამ სტრუქტურებმა დღევანდელ დღემდე მოაღწიეს, რითაც ჩვენ ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. პირიქით, დღესაც სამაგალითო ვაჟკაცობად მიიჩნევა გიორგი ბრწყინვალის მიერ ცივ-გომბორზე ფეოდალთა შეტყუება და გაჟლეტა. რა გასაკვირია და, შემდგომი მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა: უაღრესად დაქუცმაცებული და ამორფული პირველი რაიხი არ დაშლილა (ყოველ შემთხვევაში, რეფორმაციამდე), ხოლო საქართველო კი დაიშალა სწორედ მაშინ, როცა არც ერთ მეზობელ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეეძლო საქართველოს დაპყრობა (თეთრ- და შავბატკნიანი თათრების ეპიზოდური შემოსევები დაპყრობად არ განიხილება). და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შევძელით ურთიერთმოთათბირებით გადაგვეჭრა ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები.
სწორედ სათათბირო ორგანოს არარსებობამ დაამკვიდრა ჩვენში მავნე ტრადიცია, როცა ხელის-უფლებაზე განაწყენებული ძალები, დასაბეზღებლად და ჯავრის ამოსაყრელად გარბიან ყარაყორუმში (ისპაჰანში, სტამბოლში, მოსკოვში, ვაშინგტონში), და ეს სამარცხვინო და უღირს საქმედ არ მიაჩნიათ. არად დაგიდევენ ქვეყნის ავტორიტეტს. როცა ამა თუ იმ კანონის მიღება/არ მიღებაზე მისი ავკარგიანობის მიუხედავად ჩვენს პარლამენტს თითს დაუქნევენ უცხოეთიდან (ახლო წარსულში მოსკოვიდან, ეხლა ვაშინგტონიდან) და ამისთანა უბოდიშო მოქმედებაზე ჩვენს საზოგადოებას (განსაკუთრებით ახალგაზრდობას) არ ექნება შეურაცხყოფის რეაქცია, ამას სახელად ღირსების არქონა ჰქვია.
ჩვენ ჭეშმარიტად ევროპის დაბადებისთანავე ევროპაში აღმოვჩნდით და მასთან ერთად გავაგრძელეთ განვითარება. ოღონდ, დროთა განმავლობაში ჩამოვრჩით და ეხლა უნდა ვეცადოთ გავიაროთ გამოტოვებული ეტაპები. ჩამორჩენის აღიარება აუცილებელია, რათა სწორად გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა და დავსახოთ ჩამორჩენის დაძლევის გზები.
პირველ რიგში უნდა შევიგნოთ, რომ არ არსებობს ხელისუფლების მოწყობის განსაკუთრებული გზა (რუსული, ქართული, ტიბეტური და ა.შ). ხელისუფლება ან დემოკრატიულია, რაც შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტებით არის განმტკიცებული და დაცული (სწორედ ეს არის დასავლეთი), ან ხელისუფლება ავტოკრატულია (მისი მრავალი სახესხვაობით). მართალია დღეს დემოკრატიული სახელმწიფოების უმეტესობა კრიზისის ფაზაში იმყოფება, მაგრამ ჩერჩილის სიტყვები რომ გავიხსენოთ: „მრავალი ნაკლი აქვს დემოკრატიულ მმართველობას, მაგრამ უკეთესი კაცობრიობას არ შეუქმნია“. ასე რომ ხელისუფლება ან დემოკრატიულია ან ავტოკრატული. ვიმეორებთ, სხვა, მესამე სახის ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, ფართო არჩევანი ნამდვილად არა გვაქვს:
- ან ევროპულ გზას უნდა დავადგეთ, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს (ხელისუფლებათა დანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა, თვითმმართველობა, ხელისუფლებათა მონაცვლეობა თავისუფალი არჩევნებით, თავისუფალი და მიუკერძოებელი პრესა), რომელთა დამკვიდრებაც ამ ოცდაათი წლის განმავლობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უცდია (როგორც ხელისუფლებაში მყოფს, ისე მაძიებლებს) და არც რაიმე ნიშანწყალი ჩანს, რომ ვინმე ამას ეცდება. ხელისუფლების დანაწილება არავის სურს. ერთკაციანი პარტიაც კი აბსოლუტურ ძალაუფლებაზეა ორიენტირებული;
- ან სახელმწიფო მშენებლობა განწირული იქნება წარუმატებლობისთვის. სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს საბჭოური სახელისუფლო ვერტიკალი, რომლის თავში მყოფი სუბიექტი აკონტროლებს ქვეყნის ყველა შესაძლო რესურსს (მატერიალურს, ფინანსურს, ადამიანურს). ამ ვერტიკალის დემონტაჟის გარეშე კი, შეუძლებელია ევროპას ვეკუთვნოდეთ, იმის მიუხედავათ გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრი. საქმე ევროკავშირის წევრობაში არაა. წყალსაც წაუღია ევროკავშირი. ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, ესაა მთავარი. ვინც საქართველოს ისტორია ასე თუ ისე მაინც იცის, და ასევე იცის ქართველი კაცის ურჩი ხასიათი, მას უნდა ესმოდეს, რომ ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა. ნებისმიერი ამგვარი მცდელობა გამოიწვევს გაათმაგებულ უკურეაქციას. ქვეყანა ვერ გაუძლებს სეპარატიზმისა და გადატრიალებების მუდმივ რყევებს (მოუთმენელი სიბეცეა იმის ფიქრი, რომ მხოლოდ რუსეთს სწადია ჩვენი დეზინტეგრაცია). შველა დემოკრატიულ მოწყობაშია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რეგიონების განვითარებას და მათ ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში (სამ მილიონიან ქვეყანაში მილიონნახევარი დედაქალაქში ცხოვრობს, რაც პირდაპირ მიუთითებს რეგიონების სავალალო მდგომარეობაზე). ერთიანი და განუყოფელი საქართველოს ტრფიალთ უნდა შევახსენო, რომ სწორედ უნიტარული და სუპერუნიტარული სახელმწიფო წარმოადგენს სეპარატიზმის ნოყიერ ნიადაგს.
ასე, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ხელისუფლებათა დანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა, ორპალატიანი პარლამენტი, ქვეყნის არსებული რეგიონების ლეგიტიმაცია, თვითმმართველობის (რეგიონული და მუნიციპალური) დამკვიდრება, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მიუკერძოებელი პრესა არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი პირობები. დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების პარალელურად უნდა გატარდეს განათლების ძირეული რეფორმა, რომლის განხორციელებაშიც ყველა რგოლმა უნდა მიიღოს მონაწილეობა (არა მარტო განათლების სამინისტრომ).
გურამ სანადირაძე