
დაახლოებით რვა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობა გამოთქვა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს -რიკარდ იოზვიაკი
ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად საუბრობს, მაგრამ რბილად მოქმედებს, – ამ სათაურით აქვეყნებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიას.
როგორც იოზვიაკი სტატიაში აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, თუმცა ევროპულმა კომისიამ წერილი გაუგზავნა თბილისს გაფრთხილებით, რომ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა თუ არ შესრულდება, ქართველების უვიზო მგზავრობის პრივილეგიები, შეიძლება, შეჩერდეს.
„ახლა კითხვა ისაა, რამდენად სერიოზულია ეს ვადა, შეცვლის თუ არა საქართველოს მთავრობა პოზიციას და, საბოლოო ჯამში, შეძლებს თუ არა ბრიუსელი, რეალურად იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეცვლის. ერთი რამ დასაწყისიდანვე იყო ნათელი. სანქციები, ორი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ აქტივების გაყინვისა და ვიზების აკრძალვის უახლესი წინადადების ჩათვლით, განსახილველი არ იყო.
როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა მომზადებით შეხვედრებზე ნათლად განაცხადეს, რომ ისინი ამას არ დაამტკიცებდნენ. ევროკავშირის დიპლომატების თქმით, რომლებსაც განხილვების შესახებ ინფორმაცია აქვთ, საკითხს მოკლედ შეეხნენ, მაგრამ რადგან ერთსულოვნება აუცილებელია და აშკარად მიღწევადი არ იყო, შეთანხმდნენ, რომ სანქციების მიმართ მუშაობა ბრიუსელში უფრო დაბალ დონეზე გაგრძელდებოდა. ეს ნათელი მაჩვენებელია იმისა, რომ ამგვარი შემზღუდველი ზომები ახლო მომავალში არ მოხდება. და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ იმავე მინისტრებმა იმავე შეხვედრაზე ვერ მიიღეს სანქციები ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებებისა და რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ევროკავშირის კონსენსუსის წესი კვლავ უშლის ხელს ბლოკს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.
გასაკვირი იყო ისიც, რომ არ მომხდარა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის დაწყების ინიციატივა, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული დებულებების შეჩერება, განსაკუთრებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. საკითხი ისაა, რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამას, რადგან ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან იმპორტი მხოლოდ, დაახლოებით, 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ეს საკითხი დააყენა და არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მინისტრები ამ საკითხს დაუბრუნდებიან, როდესაც ისინი ოქტომბერში ფორმალურად კვლავ შეიკრიბებიან“, – ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, რიკარდ იოზვიაკის სტატიაში ვკითხულობთ, რომ, დაახლოებით, რვა წევრმა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე წინააღმდეგობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს.
„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა დაასკვნა, რომ გადახედვის მექანიზმის ამოქმედების ვარიანტის განხილვა სავსებით შესაძლებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნაბიჯი ერთსულოვნებას არ მოითხოვს. ამგვარად, თბილისზე ზეწოლის ერთადერთ დარჩენილ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, ნაბიჯი, რომლის განსახორციელებლადაც კვალიფიციური უმრავლესობა იქნება საჭირო. დაახლოებით, რვა წევრმა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს და, შესაბამისად, არაპროპორციული იქნება. კალასმა მოუწოდა ქვეყნებს, მზად იყვნენ რეაგირებისთვის, თუ თბილისი ვერ დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში შემოთავაზებული უვიზო მიმოსვლის რვა კრიტერიუმს. ეს კრიტერიუმები მოიცავს საკამათო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებას და ასევე საკამათო კანონმდებლობის პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ. ახლა მთავარი განსახილველი საკითხია, მართლა გააკეთებს თუ არა ევროკავშირი რამეს და რა არის საბოლოო ვადა?
საქართველოს პარლამენტი მთელი აგვისტოს განმავლობაში ისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეუძლია, საგანგებო სხდომა მოიწვიოს, ბრიუსელში ცოტას სჯერა, რომ ეს მოხდება. თუმცა, აგვისტოში ევროკავშირიც „შვებულებაშია“. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 აგვისტოს დანიაში არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან, ხოლო სექტემბერში – ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეიაზე, მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი, 20 ოქტომბერს გაიმართება“, – ნათქვამია რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.