
CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს – გრიგოლ გეგელია
CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს. ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც ძალიან მაღალია,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მან ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვაზე ისაუბრა, რომელიც CRRC- საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.
გეგელიას თქმით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ რეჟიმს აკისრებს.
„ე.წ. ხელისუფლება, რომელმაც მიიღო რუსული კანონი, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები, ასამართლებს არასამთავრობო სექტორს, თავს ესხმის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, ბრალს დებს ევროპულ კავშირს შეთქმულების თეორიებში, თავს ესხმის სხვადასხვა სახელმწიფოების წამყვან პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მეთაურებს, ამავე დროს, ამბობს: „მტკიცედ არის ევროპული ინტეგრაციის ერთგული“.
ხელისუფლება, რომლის „ტიტუშკებიც” თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს დღისით, მზისით, ქუჩებში ესხმიან თავს, ეს ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ის იცავს ჟურნალისტებს. ხელისუფლება, რომელიც ჩართულია კორუფციაში, ამბობს რომ მოწინავეა კორუფციასთან ბრძოლაში.
CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს. ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც არის ძალიან მაღალი, 78%. ასევე ვხედავთ, უმრავლესობა თვლის, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვა იქნება ძალიან საზიანო სახელმწიფოსთვის. ასევე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ რეჟიმს აკისრებს.
ეს მნიშვნელოვანი განაცხადია ქართველი ხალხის მხრიდან. ხალხი კარგად ხედავს, რა შანსები გვაქვს ახლა მოცემული, ისტორიული რეალობების ფონზე როგორ გვაკარგვინებს ამას ხელაღებით კრიმინალური ბანდფორმირება „ქართული ოცნება“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება.
„ქართული ოცნება“ რამდენიმე ასეულ “რობოკოპზეა” ჩამოკიდებული და გადაწყვიტა, მილიონობით ქართველს წაართვას ევროპული პერსპექტივა, უვიზოდ სიარულის შანსი, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობები.
განსაკუთრებით თვალშისაცემი: ეს სტატისტიკა არის დედაქალაქის მასშტაბით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქალაქის 70% ოპოზიციურია, ეს ხალხი გამოვა და დაასრულებს რუს მერს ამ ქალაქში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვა ქართველი ხალხი და დაასრულებს „რუსული ოცნების“ ანტიქართული რეჟიმის ბოგინს.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ეს პრინციპული და მნიშვნელოვანი ბრძოლაა, რომელიც უნდა დასრულდეს ყველა იმ კრიტიკული წერილის დაბრუნებით, სადაც „ქართული ოცნება“ გამორჩეულად სუსტია და უნდა დასრულდეს ქართული სახელმწიფოს ქართული ხალხისთვის და ევროპული გზისთვის“,- აღნიშნა გეგელიამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC-საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (78%) მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ თუკი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი (51%) პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, აკისრებს. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 78% ემხრობა.
გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.