
ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა. დღეს ეს დღე არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს -ცოტნე ივანიშვილი
ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს და ვფიქრობ, მისი ისტორიის განმავლობაში ესენციალური იყო, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა. მგონია, რომ ზუსტად ქართული იდენტობა დამყარებულია ჩვენს სარწმუნოებაზე, სულისკვეთებასა და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, ტოლერანტობა პროპაგანდისგან.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან და ხელოვნური მასიფიკაციისგან. შესაბამისად, თავისთავად ყველა უნდა გვიყვარდეს და დიდი პატივი ვცეთ. უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, მაგრამ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სარწმუნოება დავაყენოთ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და შევინარჩუნოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენი იდენტობისთვის“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.