ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება – ირაკლი კობახიძე
ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ამბროლაურში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, 2012 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. მანვე აღნიშნა, რომ ამ გარდატეხის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა ის, საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს უკრაინა იმყოფება.
„ყველას გახსოვთ, რომ 2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი რეფერენდუმი საქართველოსთვის. მაშინ ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა რეჟიმი, რომელმაც ქუჩაში დახვრიტა ასზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც აწამებდა ადამიანებს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს, კანონიერ მფლობელებს ართმევდა ტელევიზიებს, აყალბებდა არჩევნებს და რომელმაც თავისი მოღალატეობრივი დანაშაულის შედეგად, დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.
ვერც ამ შემთხვევაში გავუშვებ ხელიდან შესაძლებლობას და უდიდეს მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ გარდატეხის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.