ჩვენ ისევე ვჭირდებით ევროკავშირს ეკონომიკურად, როგორც ჩვენ გვჭირდება ის – ეკა სეფაშვილი
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის გლობალური პროექტები, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩაბმული. ეს არის ჩვენი ერთგვარი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთნაირად მნიშვნელოვანი ვიყოთ როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე – დასავლეთისთვის“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზე საუბრისას.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ენერგოგადამცემი და ასევე, ციფრული კაბელის მშენებლობა, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. ასევე, ის სატრანზიტო დერეფანი, რომელიც ანაკლიის პორტისა და საქართველოზე გამავალი სხვა გზების საშუალებით უნდა შედგეს. შესაბამისად, საქართველო ისევე სჭირდება ევროკავშირს, როგორც საქართველოს სჭირდება ის.
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დაპირებებს, რომლებიც საარჩევნო პროგრამაშია, ყველა მიმართულებით სავსებით რეალისტურია. აქ არის ისეთი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც საქართველოს გლობალურ მნიშვნელობას ზრდის; ასევე, არის გზების მშენებლობა, სპორტის, ტურისტული, კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოციალური მიმართულებებით მთელი რიგი სიახლეები და ა.შ.
საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2028 წლისთვის, სიღარიბისა და უმუშევრობის დონე უნდა იყოს 4%-ზე დასული. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია იმ კარგად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით, რომლითაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ხორციელდება და რომლითაც შევძელით: საქართველოს ეკონომიკის თითქმის გასამმაგება და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები ადასტურებს და მათი პროგნოზებიც საქართველოს მიმართ იმედის მომცემი და პოზიტიურია. ასე რომ, 2030 წლისთვის საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიცხვშიც კი გადავა, იმდენად შთამბეჭდავია ეს ზრდა.
რა გვაძლევს იმედს, რომ ეს ეკონომიკური ზრდა ასეთი იქნება? სწორედ ის განვლილი 12 წელი, რომლის განმავლობაშიც პოზიტიური შედეგები აისახა ვიზალიბერალიზაციის მიღებაში, ღრმა და თავისუფალი, ყოვლისმომცველი ვაჭრობის, ასოცირების შეთანხმების მიღწევაში, რომელსაც ვახორციელებთ; კანდიდატის სტატუსის მიღებაში; სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლების განახევრებაში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ კარგად და სწორად არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა დაგეგმილი და მომავალშიც ასე იქნება.
ასევე, ეკონომიკის მიმართულებით დაგეგმილია სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალისა და პროდუქტების წარმოებაზე გადადის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს კეთილდღეობას და გააუმჯობესებს სოციალური მომსახურების პაკეტებს.
ჩვენი ბიუჯეტი მანამდეც სოციალურ პაკეტებზე ორიენტირებული იყო და ასევე დარჩება – დაახლოებით მესამედი სოციალურ საჭიროებებს ხმარდება.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის გლობალური პროექტები, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩაბმული. ეს არის ჩვენი ერთგვარი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთნაირად მნიშვნელოვანი ვიყოთ როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე – დასავლეთისთვის. მაგალითად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ენერგოგადამცემი და ასევე, ციფრული კაბელის მშენებლობა, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. ეს მათი ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განშტოებაა. ასევე, ის სატრანზიტო დერეფანი, რომელიც ანაკლიის პორტისა და ჩვენი გზების საშუალებით უნდა შედგეს, მათი სამრეწველო ეკონომიკის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა. ეს ნიშნავს აღმოსავლეთთან დაკავშირებას, მათ შორის, საქართველოს გავლით, რაც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ჩვენ ისევე ვჭირდებით ევროკავშირს, როგორც ჩვენ გვჭირდება ის. ანუ, ეს არის ორმხრივი, ურთიერთსასარგებლო ინტერესი. ასე რომ, ევროკავშირისკენ სვლა არ შენელებულა. პირიქით – კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მომავალი წლების განმავლობაში, რადგან ეს პრაგმატული ეკონომიკური ინტერესი ის საფუძველია, რომელიც ჩვენს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას უდევს საფუძვლად“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.