
ჩინეთის ანტიამერიკული ალიანსი – ავთანდილ წულაძე
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტი და სამხედრო აღლუმი პეკინში დიდ გეოპოლიტიკურ მოვლენად იქცა. ჩინეთმა გამოაცხადა თავისი პრეტენზიები გლობალურ ლიდერობაზე და განზრახვა წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „ჰეგემონიას“.
შეერთებულ შტატებში შთო-ის სამიტი და სამხედრო აღლუმი გამოწვევად აღიქვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების დემონსტრაციულ ერთიანობას „შეთქმულება“ უწოდა. წამყვანი ამერიკული მედია აკრიტიკებს ტრამპს იმის გამო, რომ მისმა სატარიფო პოლიტიკამ ძლიერი ანტიამერიკული ალიანსის შექმნა გამოიწვია. მაგალითად, ტელეარხის CNN-ის სტატიაში ნათქვამია: „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები არყევს თავის ალიანსებს და ეკონომიკურ ზიანს აყენებს მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის მეგობრებსა და მოკავშირეებს, გლობალური სავაჭრო ომის გაჩაღებით. სი ძინპინი ხედავს ხელსაყრელ მომენტს, რათა, შესაძლოა, ყველაზე დრამატული გზით, წარმოაჩინოს თავისი გამოწვევა დასავლურ წესებსა და მენტალიტეტზე დაფუძნებული სამყაროსთვის“. (ბმული)
თუმცა, ავტოკრატიული სახელმწიფოების დემონსტრაციული ერთიანობა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ „შეთქმულების“ მონაწილეებს ჰქონდეს საკუთარი მიზნები.
სი ძინპინი რამდენიმე პრობლემას წყვეტს.
პირველ რიგში, ჩინეთის ლიდერი ტრამპს აჩვენებს, რომ ჩინეთს სატარიფო ომში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სამხედრო არგუმენტებიც აქვს. სამხედრო აღლუმზე ჩინეთის უახლესი იარაღის, მათ შორის ბირთვულის, დემონსტრირება მოხდა. სი ძინპინის გვერდით ბირთვული სახელმწიფოების ორი ლიდერი იდგა – პუტინი და კიმ ჩენ ინი.
მეორეც, სი ძინპინი შიდა პოლიტიკურ პრობლემებს წყვეტს. 2027 წელს მისი მესამე ვადა იწურება და სი ძინპინი ჩინეთის მეოთხე ვადით ხელმძღვანელობას გეგმავს. ჩინეთში, ისევე როგორც სსრკ-ში, სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევნები არ ტარდება. საკითხს მმართველი პარტიის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები წყვეტენ. ჩინეთის პოლიტიკა ძალიან დახურულია, მაგრამ სი ძინპინის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში მისი პოლიტიკისადმი ძლიერი ოპოზიციის შესახებ ჭორები ეკონომიკაში მზარდი პრობლემების ფონზე საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ჩინეთის ხელმძღვანელობაში პოლიტიკური ბრძოლის ინტენსივობა. ფაქტიურად, სი ძინპინმა დაიწყო საარჩევნო კამპანია თავისი პოზიციების გასამყარებლად და ჩინეთის კიდევ ხუთი წლით სათავეში ჩასადგომად.
მესამე, სი ძინპინი ღიად აცხადებს ჩინეთის ხელმძღვანელობით ანტიდასავლური ალიანსის შექმნას. ის ცდილობს გაიმეოროს საბჭოთა კავშირის გამოცდილება, რომელმაც შექმნა ე.წ. „სოციალისტური ბანაკი“. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ საბჭოთა კავშირი მკაცრად აკონტროლებდა „მეგობრული“ სოციალისტური ქვეყნების პოლიტიკასა და იდეოლოგიას, მაგრამ მათ ეკონომიკურ მხარდაჭერაში ბევრ რესურსებს ხარჯავდა. ჩინეთი, ძირითადად, მეგობარ ქვეყნებში ეკონომიკურ გავლენას ეყრდნობა და მიზნების მიღწევის შემდეგ, ცდილობს ამ გავლენის პოლიტიკურ გავლენად გარდაქმნას. სი ძინპინი ჩქარობს მეგობარ ქვეყნებში ეკონომიკური გავლენის პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ფორმალიზებას.
რუსეთის პრეზიდენტისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შეხვედრები და აღლუმზე დასწრება ქვეყანაში მისი ძალაუფლების გაძლიერების ინსტრუმენტია. რუსეთის ეკონომიკური პრობლემები უარესდება. ინფლაციას, ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობას და აღჭურვილობის ცვეთას კიდევ უფრო ამძიმებს ბენზინის კრიზისი, რომელიც გამოწვეულია უკრაინის დრონებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებით. თუმცა, პუტინი ნათლად აცხადებს, რომ ომის დასრულებას არ აპირებს. ჩინეთში ვიზიტი აძლიერებს მის ავტორიტეტს ქვეყანაში და საშუალებას აძლევს მას მოიპოვოს სი ძინპინის მხარდაჭერა ომის გასაგრძელებლად.
ჩინეთში გამართული სამიტი ძლიერი დარტყმა იყო ტრამპის საგარეო პოლიტიკისთვის. რუსეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩინეთს, თუმცა ტრამპმა დიდი ძალისხმევა გასწია რუსეთის ჩინეთისგან გამოსაყოფად. ინდოეთი, რომელიც დიდი ხანია პროამერიკულ ქვეყნად ითვლება, ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერას ეძებს. ჩინეთი აძლიერებს ალიანსებს მოკავშირეებთან და იზიდავს ახლებს, ტრამპი აწესებს ტარიფებს აშშ-ს ტრადიციულ მოკავშირეებზე და მათ ტერიტორიებზეც კი აცხადებს პრეტენზიას (როგორც ეს გრენლანდიისა და კანადის შემთხვევაშია).
ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შუაგულში, სი ძინპინმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ტრამპის საგარეო პოლიტიკას და გააძლიერა თავისი მოლაპარაკების პოზიცია. შესაძლოა, სი ძინპინმა აშშ-ს ზედმეტად დიდი დარტყმა მიაყენა. ტრამპს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა მოუწევს. ჩინეთი არსებითად ბიპოლარულ სისტემას აშენებს და ამ პროცესში ინიციატივას ფლობს. ტრამპს ჩინეთის ამ ნაბიჯზე აშშ-ის მოკავშირეებთან კავშირების გაძლიერებით მოუწევს რეაგირება. ბიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას თან ახლავს საერთაშორისო კონფლიქტების ესკალაციის ახალი ტალღები ორ მსოფლიო ლიდერს – ჩინეთსა და აშშ-ს – შორის გავლენის სფეროების გაყოფის ბრძოლაში.
ავთანდილ წულაძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი