1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ბექა ლილუაშვილი
“ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ბექა ლილუაშვილი

“ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ბექა ლილუაშვილი

377
0

ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია, ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უნდა არსებობდეს. ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორი ვერ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციების ჩადებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მიესალმება, თუმცა სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. ამასთან ლილუაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავს შეთანხმებებს სტრატეგიულ პარტნიორობაზე პარლამენტის თანხმობაც სჭირდება.

“მთავრობა არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებს ანაცვლებს ჩინეთით, ალტერნატივის შეთავაზება ხდება საზოგადოებისთვის?! ეს ძალიან დამაბნეველია და ბევრი კითხვის ნიშანი ისმის. ანაკლია უნდა აშენდეს, ჩვენი პოზიცია ცალსახა და მკაფიოა. ამ რეგიონში ევროპის, აშშ-ის ინტერესის გარეშე ჩინეთის ჩართულობა ანაკლიის პროექტში რამდენად იქნება ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, ამას სჭირდება მკაფიო შეფასება. პორტის მთავარი დანიშნულება არის ტვირთების გადაზიდვა და ეს არის სატრანზიტო ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ორ პარტნიორ მოვაჭრე მხარესთან შეთანხმების შედეგი. ბუნებრივად, ამ ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში უნდა არსებობდეს ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეს იყო ანაკლიის მშენებლობის მთავარი პრინციპი თავის დროზე. ახლა არ ვიცი, ქვეყნის საგარეო ორიენტირის ცვლილების მცდელობის, თუ სტრატეგიული პარტნიორების ჩანაცვლების გამო, ხელისუფლება ცდილობს ეს სივრცე ამოავსოს ამ პროექტის ეფექტიანობის შესაძლო დანაკარგების ხარჯზე. ჩინური კომპანიები მუშაობენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგალითად, ჩართული არიან ავტობანის მშენებლობაში, მაგრამ როცა საუბარია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ეფექტის გარდა კარგად გვესმის, რომ არის სტრატეგიული პროექტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვერ არის. ეს არ არის ალტერნატივა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის. ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ძველ მიზანს, რომ უზრუნველყოს დასავლური ინვესტიციების შემოდინება,” – განაცხადა ლილუაშვილმა.