ჩემი საყვარელი ძმა დავკარგე, ხოლო მკვლელს შეუძლია ჩაეხუტოს თავის ოჯახს, ეს მტკივნეულია – ზელიმხან ხანგოშვილის ძმა
გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა.
“ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თავის ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია”, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.
ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ ის გაცვლას დათანხმდებოდა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის არავის არაფერი არ უკითხავს.
“უბრალოდ რომ ეკითხათ ჩემთვის ან ჩვენთვის, დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, გავიგებდი, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება”, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.
ცნობისთვის, 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი დიდი გაცვლის ფარგლებში გერმანიამ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, “ეფესბეს” აგენტი ვადიმ კრასიკოვი გადასცა.