
ბორჯომში 60 მილიონი დოლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება
ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის ხუთვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, პროექტის ინვესტორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა. პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
უწყების ინფორმაციით, Wyndham Grand Borjomi-ს პროექტის განხორციელებისას 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპლექსი გააერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 400-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა განაცხადა, მულტიფუნქციური კომპლექსის, Wyndham Grand Borjomi-ს განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უშუალოდ ბორჯომის, როგორც ტურისტული და ველნეს კურორტის, ასევე საქართველოს, როგორც განვითარებული ბალნეოლოგიური ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.
„ბორჯომი და მისი სამკურნალო წყაროები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავიზიტო ბარათია. პროექტში საერთაშორისო ბრენდის, Wyndham-ის აქტიური ჩართულობა კარგი გზავნილია სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, რათა მათ ასევე მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, – აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.
სამინისტროს განმარტებით, პროექტის პირველი ეტაპი 2027 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო კომპლექსი სრულად 2029 წელს ამოქმედდება. Wyndham Grand Borjomi-ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების – „ნიუ სითი დეველოპმენტის“ და „აპკოს“ მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანიასთან, Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.