1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბოლო ოთხ წელიწადში, ბერბოკის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში პროკურატურამ 513 ადამიანის მიმართ დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს-გურამ მაჭარაშვილი
ბოლო ოთხ წელიწადში, ბერბოკის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში პროკურატურამ 513 ადამიანის მიმართ დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს-გურამ მაჭარაშვილი

ბოლო ოთხ წელიწადში, ბერბოკის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში პროკურატურამ 513 ადამიანის მიმართ დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს-გურამ მაჭარაშვილი

113
0

მინდა, საზოგადოების ყურადღება შევაჩერო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნაზე, საქართველოში გათავისუფლდეს პატიმარი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. აქ შეიძლება, გასაკვირი არც არაფერი ყოფილიყო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თავად რომ არ იყოს რეკორდსმენი გერმანიის მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი წესით დევნაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბერბოკის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ 513 ადამიანზე დაიწყო გამოძიება „შეურაცხყოფის“ მუხლით, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

„სტატისტიკაში მას მხოლოდ მისი კოლეგა, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი უსწრებს, რომლის მიმართვის საფუძველზე 805 ადამიანი არის გამოძიების ქვეშ. გამოდის, რომ ეს მინისტრები დღე-ნახევარში ერთხელ წერენ საჩივარს თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ და ესეც საკითხავია, სამინისტროს როდის ხელმძღვანელობენ. სხვათა შორის, ამ ორი მინისტრის მიმართვის გამო ადამიანების დევნის, მათი ბინების ჩხრეკის მაგალითები მოიყვანა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც გერმანიის დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ სახეში დარტყმაზე უარესია ის 513 საქმე, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა.

„შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ სახეში დარტყმაზე უარესი იქნებოდა ის 513 თუ 815 შემთხვევა. ნურას უკაცრავად. ეს არის  შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ბერბოკს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში „ტერორისტი“ უწოდა ან 58 წლის მამაკაცმა მას  „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა. ამ ბოლო ეპითეტის ავტორს ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მიხაელ როთმაც უჩივლა, რომელიც აქ ჭკუას გვასწავლიდა და რომელსაც სოციალურ ქსელში „მშიშარა ქვეშაფსია“ უწოდეს. ამასთან დაკავშირებითაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. სხვათა შორის, სასამართლომ ეს ადამიანები 9 600 ევროთი, დაახლოებით 30 000 ლარით დააჯარიმა. ასეთივეა დანარჩენი ასეულობით სისხლის სამართლის საქმეც. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ამ მოქალაქეს ბერბოკისთვის და როთისთვის სახეში რომ შემოერტყა? არა სოციალურ ქსელში დაეწერა, რომ სულელი საგარეო საქმეთა მინისტრიაო, არამედ სახეში რომ გაერტყა, როგორც ამაღლობელმა გაარტყა პოლიციელს, მაშინ რას უზამდნენ ამ მოქალაქეებს გერმანიაში? ეს ადვილი წარმოსადგენია, განსაკუთრებით ფარისეველი საგარეო საქმეთა მინისტრის ფონზე. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რა შეფასება ექნებოდა იმავე სამინისტროს, ჩვენს რომელიმე ერთ მინისტრს რომ მიემართა პროკურატურისთვის 513 მოქალაქის საწინააღმდეგოდ და მეორე მინისტრს – 815 მოქალაქის საწინააღმდეგოდ? ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი ე.წ. კრიტიკულ მედიებში – ჩვენი მინისტრები რითი არიან დაკავებულებიო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული“.