ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე -შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
„დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.
შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.
შეკრებილი პირები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლნისის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი თბილისში გადაჰყავთ.