
ბავშვები რამდენადაც ხმამაღლა ჰკიოდნენ, მით მეტი ტყვია მოდიოდა, ბოლოს იმ სახლის დაბომბვა დაიწყეს, სადაც ბავშვები იყვნენ, არავის მოერიდნენ, სულ ერთი იყო მათთვის, ვის მოხვდებოდა -დოდო აფრასიძე
ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო, დაიწყო სროლები. როგორც სეტყვა, ისე მოდიოდა ტყვიები. საერთოდ არავის მოერიდნენ, არც დიდს, არც პატარას, არც ქალს და არც კაცს, – ამის შესახებ 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედამ, დოდო აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
დოდო აფრასიძის თქმით, მათთვის სულ ერთი იყო, ვის მოხვდებოდა ტყვიები.
„სახლში ვიყავით, ოთხი პატარა ბავშვი, არასრულწლოვნები, ბებია, ბაბუა – მე და ევგენი და ჩვენი შვილები. გვეძინა ნორმალურად. ადრე ვდგებოდი ყოველთვის და იმ დღესაც ავდექი, ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო. კარში გასული არ ვიყავი, დაიწყო სროლები. დილის შვიდი საათი იყო. ორი შვილი პირველ სახლში იყო, ერთი თავის ცოლ-შვილთან, მეორე სახლში, ერთ ეზოში. როგორც სეტყვა, ისე მოდიოდა ტყვიები. ბავშვები შევყარეთ ლოგინის ქვეშ, ირგვლივ ყველაფერი დავყარეთ, რაც იყო, მათ შორის ქვაბები, ყველაფერი ლოგინის ირგვლივ დავყარეთ, რათა ბავშვებს ტყვიები არ მოხვედროდათ. ბავშვები რამდენადაც უფრო ჰკიოდნენ, მით მეტი ტყვია მოდიოდა. ბოლოს დაიწყეს დაბომბვა იმ სახლის, სადაც ბავშვები იყვნენ. შიგნითა ლოგინებთან უკვე ტყვიები მოდიოდა მარტო და სადაც ბავშვები იწვვნენ, იმ ლოგინის ლეიბი დაცხრილული იყო. საერთოდ არავის მოერიდნენ, არც დიდს, არც პატარას, არც ქალს და არც კაცს. სულ ერთი იყო მათთვის, ვის მოხვდებოდა“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დოდო აფრასიძეს ჰკითხა: „ბავშვები რომ შეყარეთ ლოგინის ქვეშ, თქვენ ამ დროს სად იყავით?“, რაზეც დოდო აფრასიძემ უპასუხა:
„იქ ვიყავი. ბავშვები და ყველა რომ შევყარეთ, მეც შევედი ლოგინის ქვეშ, ბავშვებს ვამშვიდებდი. ერთი ლოგინის ქვეშ ვიყავით ყველა, გიოს გარდა. გიო უკვე გოჩას გადაყვანილი ჰყავდა მეზობელთან. თითქოსდა გადაისროლა, შეუგდო იმ ოჯახს ბავშვი და თვითონ უცებ გამობრუნდა. ევგენი ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა შეიყვანეს და დააწვინეს დივანზე. მაშინვე შევარდნენ, ესენი ორივენი დაიჭირეს. ომეხი შებორკეს და ისე გამოიყვანეს, გოჩა იქ გზაში დააგდეს, „შტიკნოჟით“ დასერეს. გოჩას ტყვია არ მოხვედრია, გოჩა დასერეს. მკვდარი ეგონათ უკვე და გადაფარებული ჰქონდა ადიელა. ომეხი ხელ-ფეხ შებორკილი გაათრიეს პირდაპირ ქუჩაში, ამ ტალახში და იქ დახვრიტეს. ისე დახვრიტეს, რომ საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე ნატყვიარით“.
კომისიის სხდომაზე დოდო აფრასიძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა: „ხელ-ფეხ შეკრულს რომ მიათრევდნენ, მაშინ მოხვედრილი ჰქონდა ტყვია ომეხს?“, რაზეც დოდო აფრასიძემ აღნიშნა:
„ომეხი რომ დაიჭირეს, მაშინ არ იყო დაჭრილი. ვიდრე გაიყვანდნენ გზაში, არ იყო დაჭრილი. დიდი ტალახი იყო, იქ დააგდეს და დაუწყეს სროლა. ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ, თითი წააჭრეს ცხედარს და შემდეგ ყელსაბამს რომ ვერ უხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დააბიჯეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ პატარა ბავშვები. წარმოიდგინეთ, რა აქვთ ამ ბავშვებს გადატანილი“.