
ბარაკ ობამამ 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ბრალდებები უარყო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ უარყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებები 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც ობამას ოფისში აცხადებენ, გამოქვეყნებული დოკუმენტები არ უარყოფს აღიარებულ დასკვნას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.
„პრეზიდენტის ოფისის პატივისცემიდან გამომდინარე, ჩვენი ოფისი, როგორც წესი, არ პასუხობს თეთრი სახლიდან გამომავალ მუდმივ უაზრობებსა და დეზინფორმაციას, მაგრამ ეს განცხადებები საკმარისად აღმაშფოთებელია, რათა თავს ამის უფლება მივცეთ. ეს უცნაური ბრალდებები სასაცილო და სუსტი მცდელობაა ყურადღების გადატანისა. არაფერი გასულ კვირას გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ უარყოფს ფართოდ აღიარებულ დასკვნას, რომ რუსეთმა იმუშავა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, მაგრამ ხმებზე მანიპულირება წარმატებით ვერ განახორციელა“,- განაცხადა ობამას სპიკერმა, პატრიკ როდენბუშმა.
როდენბუშმა განმარტა, რომ ეს დასკვნები დადასტურდა ორპარტიული სენატის სადაზვერვო კომიტეტის 2020 წლის მოხსენებაშიც, რომელსაც მაშინდელი თავმჯდომარე, ახლა კი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი გუნდი 2016 წლის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას 2016 წლის არჩევნების მოპარვის მცდელობაში დასდო ბრალი.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო.
გაბარდის თქმით, ობამამ და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა საფუძველი ჩაუყარეს მრავალწლიან სახელმწიფო გადატრიალებას ტრამპის წინააღმდეგ.